ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება) # MCI 001/20
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება) # MCI 001/20
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების დადების შესახებ გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი
- სადაზღვევო პოლისი და დაზღვევა განხორციელდება დამზღვევის განაცხადის, ხელშეკრულების, პოლისისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დაზღვევის განაცხადი და პოლისი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. განაცხადი, წინამდებარე ხელშეკრულება და პოლისი წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს. პოლისისა და ხელშეკრულების დებულებებს შორის წინააღმდეგობის (კოლიზია) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პოლისით განსაზღვრულ დებულებებს.
ტერმინთა განმარტებები
ხელშეკრულებასა და პოლისში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობები:
მზღვეველი - სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი;
დამზღვევი - პოლისში მითითებული პირი, რომელიც დებს დაზღვევის წინამდებარე ხელშეკრულებას მზღვეველთან და სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ აზღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
მოსარგებლე - პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება - პოლისში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს; დაზღვევის განაცხადი - მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის შესავსებად შედგენილი სპეციალური ფორმის კითხვარი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დასაზღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების, უფლებამოსილი მძღოლებისა და მზღვეველისათვის საინტერესო სხვა გარემოებების შესახებ. განაცხადი ივსება დამზღვევის მიერ და წარმოადგენს დაზღვევისათვის აუცილებელ წინაპირობას; სადაზღვევო პერიოდი - დაზღვევის მოქმედების ვადა, რომელიც მითითებულია პოლისში და რომლის განმავლობაში დამდგარი შემთხვევები ექვემდებარება ანაზღაურებას;
სადაზღვევო შემთხვევა - მოულოდნელი მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად
მზღვეველი ვალდებული ხდება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების-პოლისის პირობების შესაბამისად;
სადაზღვევო თანხა / ანაზღაურების ლიმიტი - სადაზღვევო პოლისით (დაზღვევის
თითოეული სექციისათვის ცალცალკე) განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი გასცემს ანაზღაურებას სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;
სადაზღვევო პრემია - დაზღვევის ღირებულება, რომლის ოდენობისა და გადახდის
წესის მითითება ხდება სადაზღვევო პოლისში;
სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელსაც მზღვეველი სადაზღვევო შემხვევის დადგომის საფუძველზე გასცემს მოსარგებლეზე;
უფლებამოსილი მძღოლი - სადაზღვევო პოლისში მითითებული, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირი/პირები, რომელთა ასაკი აღემატება 21 წელსა და გააჩნია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, შესაბამისი კატეგორიის მართვის, მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (თუ სადაზღვევო პოლისში სხვა ინფორმაცია არ არის მითითებული). უფლებამოსილი მძღოლი წარმოადგენს პირს, რომელიც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მოქმედებს დამზღვევის სახელითა და შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ქმედება სადაზღვევო პოლისის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც დამზღვევის მიერ და მისი სახელით განხორციელებული ქმედება;
ფრანშიზა - ზარალის ოდენობის არ ანაზღაურებადი ნაწილი-თანხა, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას. ასევე, ყოველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისას ფრანშიზა აკლდება ასანაზრაურებელ თანხას;
დაზღვევის ტერიტორია - სადაზღვევო პოლისში მითითებული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევა; აქსესუარები - ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დეტალები, რომელთა დანიშნულება მხოლოდ დიზაინის ელემენტის ფუნქციით შემოიფარგლება, კერძოდ კი: სამარკო ემბლემა და კანტები;
ერთჯერადი ლიმიტი - კონკრეტული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხობრივი ლიმიტი, რომლის გამოყენებისთანავე (მიუხედავად იმისა,ასეთი ლიმიტი სრულად გაიხარჯა თუ არა) იგი სრულად ამოწურულად ითვლება;
ავტო-ასისტანსი - გულისხმობს მსუბუქი ავტომობილებისათვის
უსასყიდლოდ სარგებლობას შემდეგ მომსახურებებზე: საბურავის შეცვლა დაზღვეულის კუთვნილი სათადარიგო საბურავით (შემთხვევის ადგილზე მსგავსი საბურავის არსებობისას), აკუმულატორის დამუხტვა ელექტრო ხელსაწყოს მეშვეობით, საწვავის მიწოდება (საწვავის ღირებულებას იხდის დაზღვეული) და ლაფეტით (ევაკუატორით) მომსახურებას (იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის საკუთარი სვლით გადაადგილება ვერ ხერხება). აღნიშნული მომსახურებების ტერიტორიული არეალია თბილისი და მისი შემოგარენი 20 კმ რადიუსის ფარგლებში;
ცალკეული დაზიანება - ავტოსატრანსპორტო საშუალების
მინების,აქსესუარების,დეტალების უეცარი და შემთხვევითი დაზიანება არა ავტოსაგზაო შემთხვევით;
ავტოსაგზაო შემთხვევა - დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების
საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ან მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომელმაც დააზიანა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ან ნაგებობა- დაშავდა, ან დაიღუპა ადამიანი;
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ქმედებები;
ვანდალიზმი - მესამე პირის მიერ, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების განზრახ დაზიანება;
მესამე პირი - ნებისმიერი პირი, გარდა დამზღვევის, მოსარგებლის, მათი ოჯახის წევრების, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის/მძღოლებისა და მგზავრებისა.
გამომუშავებული სადაზღვევო პრემია – სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისათვის, სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა;
გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისათვის, სადაზღვევო პერიოდის მოქმედების დასრულებამდე დარჩენილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა; ავოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება - ფულადი თანხა, რომელიც საჭიროა ადგილობრივ ბაზარზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ანალოგიური მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების მქონე ავტოტრანსპორტის შესაძენად;
სრული ზარალი / განადგურება - დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ისეთი დაზიანება, როდესაც მისი აღდგენის ღირებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს, ან მეტს შეადგენს. ასევე,სრული ზარალი გულისხმობს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაკარგვას; სამუშაო დღე - წინამდებარე პირობების მიზნებისათვის სამუშაო დღედ ჩაითვლება დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით. სხვა შემთხვევაში, პირობებში მითითებული დღე/დღეები ითვლება კალენდარულ დღედ/დღეებად.
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ ჩვეულებრივი მნიშვნელობა, ამასთან, თუ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების გაგება არაერთგვაროვანია, სხვადასხვა ინტერპრეტაციებს შორის უპირატესობა ენიჭება საკანონმდებლო წესით განსაზღვრულ მნიშვნელობას, თუკი საქართველოს კანონმდებლობა ასეთს ითვალისწინებს.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა (CASCO)
1.1. დაზღვეული რისკები და სადაზღვევო ანაზღაურება;
1.1.1. წინამდებარე სექციით დაზღვეულია პოლისში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, განადგურება ან/და დაკარგვა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შემდეგი ხიფათების დადგომის შედეგად:
1.1.1.1. ავტოსაგზაო შემთხვევა;
1.1.1.2. ხანძარი, აფეთქება;
1.1.1.3. საგნების დაცემა;
1.1.1.4. სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, დიდთოვლობა, ჰაერის მასების მოძრაობა 25მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ვულკანის ამოფრქვევა, მეხის დაცემა (ასევე მიწისძვრა და სეტყვა, მხოლოდ შესაბამის პოლისში ამის თაობაზე სპეციალური მითითების არსებობის შემთხვევაში);
1.1.1.5. ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი ან/და მათი მცდელობა;
1.1.2. დამატებით, შესაბამის პოლისში ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ანაზღაურდეს:
1.1.2.1. მინების, სარკეებისა და აქსესუარების ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ასევე ცალკეული დაზიანება სადაზღვევო შემთხვევის დროს;
1.1.2.2. არაქარხნულად დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მოწყობილობებისა და სისტემების ქურდობა და დაზიანება სადაზღვევო შემთხვევების დროს. დაზღვევამდე წარმოდგენილ უნდა იქნას დასაზღვევი აპარატურის დახასიათება, მისი დეტალები, ფოტოსურათები და ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ერთხელ- სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ანაზღაურების ერთჯერადი ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1 500 (ათას ხუთას) ლარს;
1.1.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამზღვევის/უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობისას ადმინისტრაციული ჯარიმის ანაზღაურება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა;
1.1.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა შესაძლებელია, როგორც მხოლოდ სრული ზარალისაგან, ასევე მხოლოდ ნაწილობრივი ზარალისაგან, ან სრული და ნაწილობრივი ზარალისაგან ერთად, რაც მითითებული იქნება შესაბამის სადაზღვევო პოლისში.
1.1.3.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ სრული ზარალისგან დაზღვევის შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარემა მხოლოდ სრული ზარალი, ხოლო მხოლოდ ნაწილობრივი ზარალის დაზღვევის შემთხვევაში-მხოლოდ ნაწილობრივი ზარალი, ანუ ისეთი ზარალი, რომლის ოდენობა არ აღემატება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების 70%-ს, ამასთან, მხოლოდ ნაწილობრივი ზარალისაგან დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვეულ რისკს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა;
1.1.3.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული და ნაწილობრივი ზარალისაგან დაზღვევის შემთხვევაში კი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება, როგორც სრული, ისე ნაწილობრივი ზიანის შემთხვევაში;
1.1.4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ნაწილობრივი ზიანის შემთხვევაში, მზღვეველი მოსარგებლეს აუნაზღაურებს ზარალის ოდენობის შესაბამის თანხას, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით, გულისხმობს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულებას;
1.1.5. სრული ზარალის დადგომის შემთხვევაში, მზღვეველი მოსარგებლეს გადაუხდის ზარალის ოდენობის შესაბამის თანხას;
1.1.6. ხარჯები გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით, რომლის დროსაც დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება თავისი სვლით ვეღარ გადაადგილდება ექვემდებარება ანაზრაურებას, რაც მოიცავს ევაკუაციას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ადგილიდან საქართველოს მასშტაბით ავტოშემკეთებელ პუნქტამდე, ან სხვა უსაფრთხო ადგილამდე.
1.1.7. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს ავტოსატრანსპორტო საშაუალების საბაზრო ღირებულებას, უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის;
1.1.8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად, დაზიანებული/განადგურებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზიანის ოდენობის შეფასება ან/და შეკეთება ხდება მზღვეველის მიერ შერჩეულ ავტოსახელოსნოში;
1.1.9. თუ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ასაკი არ აღემატება სამ კალენდარულ წელს და დაზღვეულ ავტოტრანსპორტზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი (რაც უნდა იქნას დოკუმენტურად დადასტურებული), დამზღვევი/მოსარგებლე უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევით დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება მოითხოვოს საქართველოში არსებულ, შესაბამისი მარკის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში. ასეთ შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების ღირებულება, ავტოსატრანსპორტო საშულების შეკეთების მიზნით, გადაირიცხება ამავე ქვეპუნქტში მითითებულ სერვისცენტრში;
1.1.10. თუ დაზღვეული ავტომობილის ასაკი აღემატება სამ წელს და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილები არ ექვემდებარება აღდგენას – მზღვეველი აანაზღაურებს აღნიშნული ნაწილების მეორადი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულებას;
ამასთან, თუ დაზიანებული მინისათვის საქართველოს ბაზარზე შეუძლებელია მეორადი ორიგინალი ნაწილების მოძიება, ანაზღაურდება აღნიშნული დაზიანებული ნაწილების ახალი არა-ორიგინალი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულება;
1.1.11. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების პროპორციულად, პროპორციული დაზღვევის პრინციპის შესაბამისად;
1.2.
გამონაკლისები ავტოსატრანსპორტო საშაულების დაზღვევისათვის
(CASCO)
ამ დაზღვევით არ ანაზღაურდება:
1.2.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილებისა და დეტალების შეკეთების, ჩანაცვლებისა ან/და აღდგენის ხარჯები, რომლებსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი დაზიანებები, ასევე ისეთი ხარჯები, რომლებიც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშულების მდგომარეობას სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულთან შედარებით გააუმჯობესებენ;
1.2.2. საბურავების დაზიანება, თუ ეს არ მომხდარა დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად, ასევე ამ შემთხვევის შედეგად არ მომხდარა ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა ნაწილების დაზიანება (გარდა საბურავებისა);
1.2.3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით (მიუხედავად იმისა იყო თუ არა ამის შესახებ დამზღვევისათვის მოსარგებლისათვის ან/და უფლებამოსილი მძღოლისათვის ცნობილი): ამორტიზაციით, ცვეთით,
ჟანგვით, კოროზიით, მექანიკური და ელექტროსისტემების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული ზარალი;
1.2.4. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების არაქარხნული დეტალების, მოწყობილობებისა ან/და აქსესუარების დაზიანება ან/და ქურდობა, თუ საწინააღმდეგო არ წერია სადაზღვევო სერთიფიკატში;
1.2.5. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული, მესაკუთრის ან/და მძღოლისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული, თუ სხვა სახის ჯარიმა, ასევე, საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯი, თუ სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
1.2.6. წინამდებარე ხელშეკრულების საერთო გამონაკლისებში განსაზღვრული შემთხვევები.
2. მესამე პირთა წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL)
2.1. სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო ანაზღაურება
2.1.1 პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში მზღვეველი აანაზღაურებს იმ თანხას, რომლის გადახდაც დაეკისრება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად მესამე პირის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობისა ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის; მზღვეველი ასეთ შემთხვევაში აანაზღაურებს:
2.1.1.1 თანხას, რომლის გადახდაც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს დაეკისრება სასამართლოს მიერ (გარდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი, ან მზღვეველის წინასწარი თანხმობის გარეშე მხარეთა შორის მორიგებისა) დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მესამე პირისათვის მიყენებული ზარალისათვის;
2.1.1.2 სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის შესაბამის თანხას, თუ მისი ოდენობა მზღვეველთან წინასწარ წერილობით იქნება შეთანხმებული. ამ შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ ანაზღაურების ლიმიტს განისაზღვრება შემდგენაირად:
a. მესამე პირის ქონებისათვის ზიანის მიყენებისას:
i. ქონების განადგურების შემთხვევაში - ქონების საბაზრო ღირებულებას გამოკლებული მისი ნარჩენი ღირებულება, თუ ნარჩენი ღირებულების გამოკლება არ ხდება, ანაზღაურებამდე საკუთრება აღნიშნულ ქონებაზე უნდა გადავიდეს მზღვეველზე;
ii. ქონების დაზიანების შემთხვევაში - სარემონტო ხარჯები, რაც საჭიროა დაზიანებული ქონების ზარალამდელ მდგომარეობამდე აღსადგენად;
b. მესამე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას:
i. დოკუმენტალურად დადასტურებული შემოსავალს, რომელსაც დაზარალებული მესამე პირი ვერ მიიღებს შრომის უნარიანობის სრული, ან ნაწილობრივი დაკარგვის გამო, თუმცა არაუმეტეს
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მიღებული ჯამური შემოსავლისა;
ii. დაზარალებული მესამე პირის სამკურნალოდ საჭირო ხარჯები;
c. მესამე პირის გარდაცვალებისას სადაზღვევო ანაზღაურება: დოკუმენტალურად დადასტურებული შემოსავალი, მაგრამ არაუმეტეს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა - გაიცემა მის მემკვიდრე/მემკვიდრეებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.1.1.3 სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იქნება მზღვეველთან;
2.1.2 თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზარალდა რამდენიმე მესამე პირი და თუ დაკისრებული პასუხისმგებლობის ოდენობა ჯამურად აჭარბებს სადაზღვევო პოლისის შესაბამისი სექციით განსაზღვრულ ანაზღაურების ლიმიტს, თითოეული მესამე პირი ანაზღაურებას მიიღებს საერთო ზარალში მისი წილის პროპორციულად;
2.1.3 სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, თითოეულ დაზარალებულ მესამე პირზე გაცემული ჯამური თანხა არ გადააჭარბებს წინამდებარე სექციისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურების საერთო ლიმიტის ოდენობას.
2.2. გამონაკლისები მესამე პირთა წინაშე ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის (MTPL):
2.2.1. ზარალი მიყენებული დამზღვევის, მოსარგებლის, ან მათი ოჯახის წევრის ქონებისათვის, რომელიც იმყოფება მათ საკუთრებაში, ან მინდობილი საკუთრების სახით ინახება მათთან;
2.2.2. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა ან/და მგზავრებისათვის მიყენებული ზიანი;
2.2.3. ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გადაიზიდება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ან მასზე მიმაგრებული მისაბმელით;
2.2.4. სხვა დაზღვევით დაფარული პასუხისმგებლობა;
2.2.5. დაზარალებული პირისათვის მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე გადახდილი კომპენსაცია, ან მის წინაშე აღიარებული, ან აღებული პასუხისმგებლობა;
2.2.6. ნებისმიერი სახის მორალური ზიანი;
2.2.7. მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან გარდაცვალება, თუ ის სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან თორმეტი კალენდარული თვის გასვლის შემდეგ დადგა;
2.2.8. დაზარალებულებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას უპირატესობა მიენიჭება ამ პროგრამებს. თუ ზიანის თანხა
აღემატება სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას, დარჩენილ თანხას აანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში;
2.2.9. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა „ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით“ მიღებული თანხის ზევით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა (MPA)
3.1. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი უბედური შემთხვევისას, მზღვეველი აანაზღაურებს (სადაზღვევო პოლისის შესაბამის სექციაში მითითებული ლიმიტის ფარგლებში) დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მსხდომი მძღოლისა ან/და მგზავრებისათვის მიყენებულ ზარალს. უბედურ შემთხვევას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დაზღვეული პირი (დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მგზავრი) ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას საკუთარ სხეულზე გარეგანი უეცარი ზემოქმედების შედეგად მიიღებს ჯანმრთელობის დაზიანებას,ან გარდაიცვლება.
3.2. ანაზღაურებას ექვემდებარება:
● გადაუდებელი ამბულატორული მკურნალობის ხარჯები;
● საავადმყოფოში მიყვანის ხარჯები;
● საავადმყოფოში მკურნალობისა და ყოფნის ხარჯები;
● დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მემკვიდრეებს აუნაზღაურდებათ ერთ პირზე ქველიმიტით განსაზღვრული თანხის ოდენობა, უკვე ანაზღაურებული თანხების გამოკლებით;
● მემკვიდრეების არ არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურდება მხოლოდ დაკრძალვის ხარჯები, ერთ პირზე განსაზღვრული ქველიმიტის ფარგლებში;
3.3. ანაზღაურების ქველიმიტი ერთ პირზე განისაზღვრება, დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაზღვეული ადგილების-რაოდენობის მიხედვით და მიეთითება სადაზღვევო პოლისში. ანაზღაურების მიზნებისათვის ანაზღაურების ქველიმიტის ოდენობა განისაზღვრება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ადგილების რაოდენობით;
3.4. ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, თუ ჯამური ზარალის ოდენობა აჭარბებს სადაზღვევო პოლისის ამ სექციით განსაზღვრული ანაზღაურების ლიმიტს, რამდენიმე პირისათვის ზიანის მიყენების გამო, ანაზღაურებას პროპორციულად მიიღებს თითოეული დაზარალებული, საერთო ზარალში თავიანთი წილის შესაბამისად;
3.5. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ამ სექციის მიხედვით ასანაზღაურებელი თანხა, შემთხვევების, რაოდენობისა და ოდენობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს შესაბამისი სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო თანხას/ანაზღაურების ლიმიტს;
3.6. არ ანაზღაურდება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა ან/და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/გარდაცვალება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდგომ;
3.7. დაზარალებულთათვის, რომელნიც მონაწილეობენ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას უპირატესობა მიენიჭება ამ პროგრამებს. თუ ზიანის თანხა აღემატება სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას, დარჩენილ თანხას აანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში;
4. საერთო პირობები
4.1 საერთო გამონაკლისები
წინამდებარე პირობების თანახმად ზარალი არ ანაზღაურდება, თუ:
4.1.1. იგი გამოწვეულია დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საპროექტო ან კონსტრუქციული დეფექტებით, ან მასზე ვრცელდება მწარმოებლის, ან დილერის გარანტია;
4.1.2. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა სხვა დანიშნულებით, ვიდრე სადაზღვევო პოლისშია მითითებული;
4.1.3. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური, ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, მიუხედავად იმისა, სადაზღვევო შემთხვევა მისი ბრალით მოხდა თუ არა;
4.1.4. სადაზღვევო შემთხვევა დადგა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ თვითმკვლელობისას, ასეთის მცდელობისას, ან ისეთი განზრახი ქმედებისას, როგორიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას;
4.1.5. სადაზღვევო შემთხვევა დადგა სამშენებლო/სამონტაჟო და სხვა სამუშაოების სამშენებლო/სამუშაო მოედანზე/ტერიტორიაზე შესრულებისას;
4.1.6. ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა ანაზღაურების სანაცლოდ მგზავრთა გადასაყვანად, ან ტვირთის გადასაზიდად, ან იგი გაქირავებული/იჯარით გადაცემული იყო, თუ ამგვარი გამოყენება შესაბამის სადაზღვევო პოლისში არ არის მითითითებული;
4.1.7. ინტერიერის, სავარძლების, შალითების, ხალიჩების, ტენტებისა და სალონის საფარი ბრეზენტების ცალკეული დაზიანება, თუ ეს დაზიანება არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით;
4.1.8. დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი (მათ შორის მართვის უფლების დროებითი შეზღუდვის/ჩამორთმევის პერიოდში), გარდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობის შედეგად გამოწვეული დაზიანებისა;
4.1.9. დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა 21 წლამდე ასაკის უფლებამოსილი მძღოლი ან/და მას არ გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
4.1.10. სადაზღვევო შემთხვევა დადგა ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც ტვირთის ტრანსპორტირებისას (მათ შორის ლაფეტით გადაზიდვისას, ან ბუქსირებისას), ისე მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქმედებებს ახორცილებენ მზღვეველის დავალებით;
4.1.11. სადაზღვევო შემთხვევა დადგა ავტოსატრანსპორტო საშუალების აეროდრომის, ან აეროპორტის ტერიტორიაზე მოძრაობისას, გარდა ავტოსადგომისა;
4.1.12. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება იძებნება ან/და დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები არ ემთხვევა დაზღვეულის VIN კოდის/შასის ნომრის შესაბამის მონაცემებს;
4.1.13. დამზღვევი ან მოსარგებლე რაიმე ხერხით გააყალბებს, ან შეეცდება გააყალბოს სადაზღვევო შემთხვევა (ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი ან/და დოკუმენტი); ასევე, თუ დამზღვევი შეგნებულად ზრდის ზარალის ოდენობას, ან მზღვეველს ყალბ/არასწორ ინფორმაციას აწვდის;
4.1.14. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მონაწილეობს რბოლებში, ან ნებისმიერი სახის გამოცდებსა თუ შეჯიბრებებში (Test Drive, Off Road) ან/და ავტოტრანსპორტის გადაადგილდება იმ მიწის ზოლში, ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირზე, რომელიც არ განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის დადგენილ ტერიტორიას;
4.1.15. თუ დაზარალებულმა განზრახ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან;
4.1.16. ზარალი გამოწვეულია იონიზირებული რადიაციით, ან რადიოაქტიური დაბინძურებით; ატომური/ბირთვული ნივთიერებით; რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადი, ან სხვა სახიფათო ნივთიერების ტრანსპორტირებით; ომით (გამოცხადებული, თუ გამოუცხადებელი), შემოჭრით, საომარი მოქმედებებით, ტერორიზმის აქტით, ან მისი მცდელობით, სამოქალაქო მღელვარებით, სამხედრო (მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება კანონიერად არჩეული მთავრობის მიერ) ან უზურპირებული ხელისუფლების მოქმედებით (მათ შორის, კონფისკაცია, ჩამორთმევა, ან მათი მცდელობა);
4.1.17. თუ ავტომობილი გამოიყენება ნიტროგენის, დინამიტის, ან სხვა ფეთქებადი ნივთების გადასაზიდად, თხევადი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის;
4.1.18. ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მზღვეველს უფლებას აძლევს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
4.2 სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო პრემია და სადაზღვევო ანაზღაურება
4.2.1. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის სრულად, ან პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, პირველი შენატანის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებისაგან, თუ სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
4.2.2. დამზღვევის მიერ, პოლისით გათვალისწინებულ ვადაში და ოდენობით პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ამგვარი დარღვევიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა (საშეღავათო პერიოდი) გამოასწოროს დარღვევა და სრულად დაფაროს გადასახდელი პრემია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ, მზღვეველი თავისუფლდება დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მოვალეობისაგან დამზღვევისათვის ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ დამზღვევი, სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევიდან 28 (ოცდარვა) დღის ვადაში არ დაფარავს გრაფიკით გადასახდელ პრემიას, მაშინ, ამ ვადის გასვლის შემდგომ, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება/პოლისი გაუქმდება, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამ შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია გადაუხადოს მზღვეველს დამზღვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე/პოლისის გაუქმებამდე გამომუშავებული სადაზღვევო პრემია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტა/გაუქმების თარიღისათვის ადგილი ქონდა სადაზღვევო ანაზღაურებას, დამზღვევი ვალდებულია სრულად გადაუხადოს მზღვეველს პოლისით გათვალისწინებული წლიური პრემიის დარჩენილი ნაწილი. პრემიის გადახდა უნდა მოხდეს შეწყვეტა/გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
დამზღვევის მიერ, საშეღავათო 14 -დღიანი პერიოდის შემდეგ მომდევნო 14
(თოთხმეტ) დღეში სადაზღვევო პრემიის დავალიანების სრულად გადახდის შემთხვევაში, მზღვეველის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება დაიწყება დავალიანების დაფარვის დღის 24:00 საათიდან. ხოლო, საშეღავათო პერიოდის ბოლო დღის 24:00 საათიდან დავალიანების დაფარვის დღის 24:00 საათამდე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა/ები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად პრემიის დროულად გადაუხდელობა (მათ შორის არასრული ოდენობით გადახდა) არ იწვევს დაზღვევის ავტომატურ შეწყვეტას.
პოლისში მითითებულ ვადაში, პრემიის ერთჯერადი/პირველი ნაწილის გადაუხდელობის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება წყდება/პოლისი უქმდება.
4.2.3. დამზღვევის მიერ, სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დააკისროს მას პირგასამტეხლო დავალიანებული პრემიის 0.1%- ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყება მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის გაგზავნილ დავალიანების შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. პირგასამტეხლოს გადახდა დამზღვევს არ ათავისუფლებს პრემიის გადახდისაგან, ამასთან, სადაზღვევო პრემიის განწილვადებით გადახდის შემთხვევაში, დამზღვევის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევის დროს, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს დამზღვევისაგან მთლიანი სადაზღვევო პრემიის ერთდროულად გადახდა.
4.2.4. სადაზღვევო პერიოდში, მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურების შედეგად ანაზღაურების ლიმიტის შემცირების შემთხვევაში, მზღვეველის მიერ განსაზღვრული დამატებითი პრემიის გადახდის სანაცვლოდ, დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვის მისი აღდგენა.
4.2.5. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დასადგენად საჭირო ყველა საბუთისა და ინფორმაციის მიღებიდან და სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის ორმხრივად ხელმოწერიდან, არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში;
4.2.6. ზარალის დარეგულირებისათვის, დამზღვევმა/მოსარგებლემ მზღვეველს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები/საბუთები სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა:
4.2.6.1. განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზარალის ანაზღაურებაზე სადაზღვევო შემთხვევის აღწერით, მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით;
4.2.6.2. სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;
4.2.6.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
4.2.6.4. იმ პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მართვის მოწმობა, რომელიც მართავდა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში;
4.2.6.5. ცნობა ზემოთხსენებული მძღოლის ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე;
4.2.6.6. დოკუმენტი/დოკუმენტები საპატრულო პოლიციიდან სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (შემთხვევის დადგომაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით);
4.2.6.7. საბანკო რეკვიზიტები;
4.2.6.8. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოწმეებისა და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირების შესახებ ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.2.6.9. სტიქიური უბედურებით გამოწვეული შემთხვევის დროს,სტიქიური უბედურების დადგომის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.2.6.10. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე,მზღვეველის მიერ მოთხოვნილი სხვა საჭირო საბუთი/დოკუმეტი;
4.2.6.11. წინამდებარე პირობების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევმა/მოსარგებლემ დამატებით უნდა მიაწოდოს მზღვეველს:
4.2.6.11.1. სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის თაობაზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის / ორგანოს მიერ შედგენილი აქტი;
4.2.6.11.2. სამედიცინო დასკვნა და სხვა მსგავსი დოკუმენტები მესამე პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების სიმძიმისა და ხასიათის, ან მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ. ასევე, ინფორმაცია ზიანის დადგომის მომენტისათვის დაზარალებულის ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ, ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ შესაძლო ყოფნის შესახებ;
4.2.6.11.3. დაზარალებული xxxxx გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობა, ცნობა გარდაცვალების შესახებ და სამკვიდრო მოწმობა;
4.2.6.11.4. საბუთები, რომლებიც ადასტურებენ მესამე პირთა მიმართ მიყენებული ზიანის კომპენსაციისათვის გაწეულ ხარჯებს;
4.2.6.11.5. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც დაფიქსირებულია დამზღვევის/მოსარგებლის მიერ, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა, თუ პრეტენზიის განხილვა მოხდა სასამართლო წესით, ხოლო თუ გადახდა განხორციელდა მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი;
4.2.7. საპატრულო პოლიციის გამოძახების ვალდებულება არ ეკისრება დამზღვევს, თუ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის (მოძრაობის) დროს, საგნის გარეგანი მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდა მხოლოდ საქარე მინა, თუმცა, თუ ასეთი ზარალის ხასიათიდან გამომდინარე მზღვეველი ვარაუდობს, რომ ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს ვანდალიზმით, ან დამზღვევის/ მოსარგებლის /უფლებამოსილი მძღოლის, ან ნებისმიერი მესამე პირის განზრახ ქმედებით, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევს მოსთხოვოს პოლიციის გამოძახება;
4.2.8. დოკუმენტაციის ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) მზღვეველის მხრიდან ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე.
4.2.9. დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე ვალდებულია მზღვევლის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან და ასანაზღაურებელ თანხაზე შეთანხმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ხელი მოაწეროს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს.
4.2.10. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ანაზღაურების მთლიანი ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებულ სადაზღვევო თანხას;
4.2.11. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას ყოველ ჯერზე აკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა;
4.2.12. თუ მიმდინარე სადაზღვევო პერიოდში ზარალის/ზარალების ჯამური ოდენობა აჭარბებს სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის 40%-ს,
მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოქვითოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროისათვის დარჩენილი გადასახდელი პრემიის ოდენობა სრულად;
4.2.13. მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების თანხიდან გამოქვითოს ანაზღაურების გაცემის მომენტისთვის სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდის დასასრულემდე დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისთვის დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.2.14. დაზღვეული ავოსატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანებისას მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის აქტის შედგენის თარიღისათვის პრემიის დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვალოს/დააკლოს გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებას;
4.2.15. დაზღვეული ავოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის შემთხვევაში გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებას აკლდება პოლისით გათვალისწინებული წლიური პრემიის დარჩენილი ნაწილი, რომელიც დამზღვევს აქვს გადასახდელი მზღვეველისათვის.
4.2.16. მზღვეველი უფლებამოსილია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებისას შეაკეთოს დაზიანებული ნაწილი/ნაწილები, თუ ისინი ექვემდებარება აღდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული ნაწილი/ნაწილები ექვემდებარება აღდგენას, ხოლო ავტორიზირებული სერვისცენტრი უარს აცხადებს ამ ნაწილის/ნაწილების აღდგენაზე, მზღვეველი თავისი შეხედულებისამებრ განახორციელებს ამ ნაწილების აღდგენას სხვა სერვისცენტრში.
4.2.17. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისათვის ავტოტრანსპორტი დაზღვეულია ასევე სხვა სადაზღვევო პოლისით (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზარალს მისი გაცემული პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ჯამის (ყველა პოლისის) სადაზღვევო თანხასთან შეფარდების პროპორციულად.
4.2.18. სადაზღვევო შემთხვევისას, მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში მასზე გადადის მოთხოვნის უფლება, რომელიც დამზღვევს/მოსარგებლეს გააჩნია ზარალის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის/ბრალეული მხარის მიმართ;
4.2.19. თუ დამზღვევი, ან მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვეველისათვის პასუხისმგებელი პირის მიმართ სუბროგაციული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე, ან ასეთი უფლების შესრულება შეუძლებელი გახდა დამზღვევის, ან მოსარგებლის ქმედებით, მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. უკვე ანაზღაურებული ზარალის შემთხვევაში, კი დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია უკან დაუბრუნოს მზღვეველს ანაზღაურებული თანხა, მზღვეველისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში;
4.2.20. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმე/სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, ან დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პოვნა ვერ მოხერხდა შემთხვევის
დადგომიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა.იმ პირობით, რომ, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ნაპოვნი იქნა, ან სისხლის სამართლის საქმის დამთავრების შედეგად/კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადაგინდა, რომ სადაზღვევო ანაღაურება არ უნდა გაცემულიყო, დამზღვევი ვალდებულია უპირობოდ, ყველანაირი გასაჩივრების გარეშე, მზღვეველისაგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა სრული ოდენობით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
4.2.21. მზღვეველი უფლებამოსილია მიანიჭოს დამზღვევს შეღავათები ან/და გაათავისუფლოს იგი ვალდებულებისაგან, თუნდაც ამას არ ითვალისწინებდეს ან უგულვებელყოფდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
4.2.22. მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზთან/მიზეზებთან, ზიანის ოდენობასთან და ა.შ. დაკავშირებით ჩაატაროს შესაბამისი ექსპერტიზა.
4.3 დამზღვევი / მოსარგებლე ვალდებულია
4.3.1.1 გადაიხადოს სადაზღვევო პრემია სადაზღვევო პოლისში მითითებული წესითა და ოდენობით;
4.3.2 დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ზარალის შესამცირებლად და დაკარგული ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დასაბრუნებლად მიიღოს ყველა საჭირო ზომა;
4.3.3 დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს მზღვეველს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების (გაყიდვა ან იჯარით გადაცემა), მისი გამოყენების, ან განაცხადში მითითითებული მოცემულობების ცვლილების თაობაზე;
4.3.4 დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში;
4.3.5 სადაზღვევო შემთხვევისას:
4.3.5.1 დაუყოვნებლივ შეატყობინოს საპატრულო პოლიციას სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.6.9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);
4.3.5.2 დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს სადაზღვევო სერტიფიკატში მითითებულ ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
4.3.5.3 მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგო მოთხოვნა გაიცემა საპატრულო პოლიციის მიერ);
4.3.5.4 სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, მიაწოდოს მზღვეველს წერილობითი განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ (პატივსადები მიზეზების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს გონივრულ ფარგლებში);
4.3.5.5 მიაწოდოს მზღვეველს ზარალის დარეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ოფიციალური, თუ სახელმწიფო ორგანოებიდან; ასევე მზღვეველის მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებისათვის საჭირო ინფორმაცია, თუ დოკუმენტაცია;
4.3.5.6 მიაწოდოს მზღვეველს მზღვეველის მხრიდან ზარალზე პასუხისმგებელი მესამე პირის მიმართ სუბროგაციული მოთხოვნის უფლების გამოყენებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია, თუ ინფორმაცია (მათ შორის მესამე პირისაგან ნებისმიერი ფორმით მიღებულ კომპენსაციაზე), მისცეს უფლება დამზღვევის სახელით წარმართოს და გააკონტროლოს ზარალის დარეგულირების პროცესი და ხელი შეუწყოს მას სუბროგაციის უფლების განხორციელებაში;
4.3.5.7 დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე მიმდინარე იურიდიული პროცედურების თაობაზე, ასევე მის მიმართ გაცხადებული ნებისმიერი პრეტენზიის შესახებ;
4.3.6 მზღვეველთან შეთანხმების გარეშე არ დაიწყოს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება;
4.3.7 უზრუნველყოს მზღვეველის წარმომადგენელის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება;
4.3.8 გააცნოს უფლებამოსილ მძღოლებსა და მოსარგებლეს წინამდებარე დაზღვევის პირობები;
4.3.9 საკუთრებაში გადასცეს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, მზღვეველის მიერ შეცვლილი დაზიანებული ავტონაწილები, ხოლო მზღვეველის მიერ სრული ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში - განადგურებული/დაკარგული ავტოსატრანსპორტო საშუალება. შეასრულოს აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა ის ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია და აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით;
4.3.10 დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და რეკომენდაციები;
4.3.11 დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებითა და პოლისით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულებების არ, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
4.4 მზღვეველი ვალდებულია
4.4.1 სადაზღვევო პოლისის პირობების შესაბამისად აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალი;
4.4.2 შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
4.5 დაზღვევის გაუქმება
4.5.1 დამზღვევმა დაზღვევის გაუქმების თაობაზე წერილობით 30 (ოცდაათი) დღით ადრე უნდა შეატყობინოს მზღვეველს. ამ შემთხვევაში დამზღვევს უკან დაუბრუნდება გაუქმების თარიღისათვის გადახდილი გამოუმუშავებელი პრემიის 90 %. პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია სრულად დაფაროს გაუქმების თარიღისათვის გამომუშავებული პრემია და დამატებით - გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიის 10%. იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების თარიღისათვის ადგილი ქონდა სადაზღვევო ანაზღაურებას, დამზღვევი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ხელშეკრულებით/პოლისით გათვალისწინებული პრემია, ხოლო უკვე გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.5.2 მზღვეველს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს დაზღვევა, რის თაობაზეც დამზღვევს გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება გაუქმებამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. ამ შემთხვევაში, დამზღვევს უკან დაუბრუნდება
გაუქმების თარიღისათვის გადახდილი გამოუმუშავებული პრემია სრულად. პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია სრულად დაფაროს გაუქმების თარიღისათვის გამომუშავებული პრემია. იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების თარიღისათვის ადგილი ქონდა სადაზღვევო ანაზღაურებას, დამზღვევი ვალდებულია სრულად გადაიხადოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული წლიური პრემიის დარჩენილი ნაწილი, ხოლო უკვე გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.5.3 წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაზღვევა შეწყდება - ავტომატურად მისი გაცემის თარიღით, თუ სრულად არ არის გადახდილი პოლისით
გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის შემდგომი კალენდარული თვის 1 რიცხვამდე;
4.5.4 ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით ნებისმიერ დროს. ასევე, წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.6 დამატებითი პირობები
4.6.1 დაზღვევა ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24:00 საათზე და მოქმედებს დასასრული თარიღის 24:00 საათამდე, თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
4.6.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე დაზღვევის პირობებიდან (ხელშეკრულებიდან) ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი დაზღვევის პირობების (ხელშეკრულების) ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC), რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, ოფისი 11. ვებ.გვერდი: xxx.xxx-xxxxxxxxxxx.xx. დავა განიხილება ერთი არბიტრის მიერ,
რომელსაც ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დავების განმხილველ ცენტრი“.
4.6.3 თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 3 000 (სამი ათასი) ლარს, ან ამ თანხის ეკვივალენტს, სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად, სხვა ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4.6.4 საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესების (DRC-ის დებულება) მიხედვით.
4.6.5 დამზღვევისა და მზღვეველის მიერ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ ფასეულობას, ითვლება კონფიდენციალურად და წინასწარი შეთანხმების გარეშე არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, თუ ეს დაკავშირებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებთან;
4.6.6 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დამზღვევი აცხადებს თანხმობას, რომ მზღვეველი უფლებამოსილია, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის ფარგლებში დამდგარი ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ასახოს შპს „სადაზღვევო- საინფორმაციო ბიუროს“/სხვა მსგავსი ხასიათის ორგანიზაციებს საინფორმაციო ბაზაში და ხელმისაწვდომი გახადოს სხვა სადაზღვევო კომპანიებისათვის;
4.6.7 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, დამზღვევი ადასტურებს, რომ მზღვეველი უფლებამოსილია დამატებითი თანხმობისა და უფლებამოსილების მინიჭების გარეშე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებსა და მიიღოს ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრულ დამზღვევსა და უფლებამოსილ მძღოლებზე (უფლებამოსილი მძღოლებისათვის დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს მათგან ასეთი ნებართვის მიღება) არსებული ინფორმაცია საგზაო მოძრაობისა და საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ;
4.6.8 წინამდებარე ხელშეკრულებით/პოლისით გათვალისწინებული, ასევე წინამდებარე ხელშეკრულებიდან/პოლისიდან გამომდინარე ურთიერთობებში მზღვეველის შეტყობინებები უნდა ჩაბარდეს დამზღვევს პირადად ან გაიგზავნოს საფოსტო გზავნილით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით პოლისში/განაცხადში მითითებულ მისამართებზე (ადგილსამყოფელი, ტელეფონი, E-Mail) და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად დამზღვევისათვის ნებისმიერი აქ დათქმული ფორმის გაგზავნისას.
4.6.9 დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მზღვეველს პოლისში/განაცხად-ანკეტაში მითითებულ მისამართებში (ადგილსამყოფელი, ტელეფონი, E-Mail) ცვლილებების შესახებ. ამასთან აუცილებელია, ახალი რეკვიზიტების სრული და ზუსტი მითითება. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში, დამზღვევი ვერ მიუთითებს შეტყობინების მიუღებლობის მიზეზად მისამართების შეცვლის ფაქტზე და მას შეტყობინება ჩაითვლება
მიღებულად წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა შედეგით.
4.6.10 მხარეთა შეთანხმებით, დამზღვევის მიერ მზღვეველთან დაზღვეულ ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება წინამდებარე სადაზღვევო პირობები და მხარეთა შორის სადაზღვევო პირობების დამატებით გაფორმება საჭიროებას არ წარმოადგენს.
4.6.11 ამ პირობების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევიდან გამომდინარე დავის/უთანხმოების არსებობის შემთხვევაში დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე(მომხმარებელი) უფლებამოსილია მიმართოს მზღვეველის იურიდიული დეპარტამენტს შემდეგი საშუალებით:
· წერილობითი პრეტენზია – მომხმარებლის მიერ ივსება საპრეტენზიო განაცხადის სტანდარტული ფორმა და ბარდება მზღვეველის კანცელარიაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24, სადარბაზო 1, სართული 6, ოფისი 6);
· ელექტრონული პრეტენზია – მომხმარებელი პრეტენზიას აფიქსირებს ელექტრონული წერილის სახით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნის გზით xxxx@xxxxxxxxxxxxxx.xx მიღების შესაბამისი დასტურით;
· სატელეფონო პრეტენზია – მომხმარებელთა პრეტენზიის განხილვა ხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციის გზით ქოლ-ცენტრში (7/24) შემდეგ ტელეფონის ნომერზე x000 00 000 00 00/ 0 000000. სატელეფონო პრეტენზია იწერება.
ყველა სახის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მზღვეველის ცხელ ხაზზე შემომავალი ზარი იწერება.
მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება წინამდებარე პირობებში მითითებული მიზნებისთვის და სათანადოდ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია მზღვეველის საზედამხედველო ორგანოს შესახებ:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. მის: ქ.თბილისი, ლ. xxxxxxxxx ქ. N3. ტელ: x000 00 000 00 00; ელ-ფოსტა: xxxx@xxxxxxxxx.xxx.xx
გავეცანი და ვეთანხმები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის MCI 001/20 წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.