C/PROP-001/24
ქონების დაზღვევის პირობები
#C/PROP-001/24
სარჩევი
მუხლი 1. დაზღვევის ხელშეკრულების საგანი 2
მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებანი 2
მუხლი 3. სადაზღვევო შემთხვევა და გამონაკლისები 4
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი 5
4.1. დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია 5
4.3. დამზღვევი/დაზღვეული უფლებამოსილია 6
4.4. მზღვეველი უფლებამოსილია 6
მუხლი 5. სადაზღვევო თანხა და ფრანშიზა 7
მუხლი 7. სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლა 7
მუხლი 8. სადაზღვევო შემთხვევის აქტი და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა 8
მუხლი 9. დათქმა სტელაჟების შესახებ 8
მუხლი 11. დავა და ზიანის ანაზღაურება 9
მუხლი 13. დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტა 9
მუხლი 14. დასკვნითი დებულებები 10
მუხლი 15. სპეციალური პირობა 10
მუხლი 1. დაზღვევის ხელშეკრულების საგანი
1.1. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია დამზღვევის საკუთრებაში/კანონიერ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ქონების დაზღვევა მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან:
1.1.1. ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, წყალდიდობა, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ან მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; სატრანსპორტო საშუალების შეჯახებით მიყენებული ზიანი.
1.2. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცემა ქონების დაზღვევის სადაზღვევო პოლისი. აღნიშნულ პოლისზე მთლიანად ვრცელდება წინამდებარე დაზღვევის პირობებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სადაზღვევო პოლისის გაცემა ხორციელდება დაზღვევის განაცხადის დამზღვევის მიერ შევსებისა და მისთვის სასურველი რისკების აღნიშნულ განაცხადში მითითების საფუძველზე. სადაზღვევო პოლისი, დაზღვევის განაცხადი და წინამდებარე დაზღვევის პირობები წარმოადგენენ ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას და მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებანი
დაზღვევის ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1. მზღვეველი - სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“;
2.2. დამზღვევი - პირი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში, დებს დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;
2.3. მოსარგებლე - პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
2.4. სადაზღვევო თანხა - დამზღვევის მიერ მითითებული თანხა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება; სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დაზღვეული საგნის აღდგენით და/ან შენაცვლებით ღირებულებას; თითოეული დაზღვევის საგნისათვის სადაზღვევო თანხა აღნიშნული იქნება სადაზღვევო პოლისში; დამატებით შეიძლება დაწესდეს სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტ(ებ)ი, რაც ასევე ასახვას ჰპოვებს სადაზღვევო პოლისში;
2.5. სადაზღვევო პრემია - თანხა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში მისი გადახდის პირობებთან და ვადებთან ერთად და რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით/სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ დაზღვევის საფასურს; სადაზღვევო პრემიის ოდენობა დგინდება რისკის ხარისხის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო პორტფელის ჭრილში განხორციელებული სუბროგაციული უფლების, ნარჩენი ქონების რეალიზაციის სტატისტიკური მაჩვენებლების და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით;
2.6. ფრანშიზა - სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და რომელიც აკლდება ზარალის თანხას; სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევის მიმართ შეიძლება დადგენილი იქნას ცალ-ცალკე ფრანშიზები, რაც, ასევე, ასახვას ჰპოვებს სადაზღვევო პოლისში;
2.7. სადაზღვევო პერიოდი - სადაზღვევო პოლისში მითითებული დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს დაზღვევა და რომლის განმავლობაშიც დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, დაზღვევა ძალაში შედის პოლისით განსაზღვრული პირველი დღის 24 საათიდან და ძალაშია პოლისით განსაზღვრული უკანასკნელი დღის 24 საათამდე, თუ თავად სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2.8. სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას წინამდებარე პირობების შესაბამისად, ასახავს დაზღვევის ხელშეკრულების ძირითად პირობებს და გადაეცემა დამზღვევს. ამასთან, თუ პოლისში დაფიქსირებული მონაცემები და წინამდებარე პირობებით განსაზღვრული დებულებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, უპირატესობა ენიჭება პოლისს;
2.9. დაზღვევის განაცხადი - მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით დამზღვევის მიერ შესავსები კითხვარი, რომელშიც აისახება დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი, მზღვეველისათვის საინტერესო გარემოებები;
2.10. დაზღვევის საგანი - დაზღვევის საგანს წარმოადგენს 1.1. პუნქტით განსაზღვრული დამზღვევის საკუთრებაში/კანონიერ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ქონება, რომლის დეტალური ჩამონათვალი მიეთითება სადაზღვევო პოლისში/დაზღვევის განაცხადში, ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის საგანი არ შეიძლება იყოს ანუ დაზღვევას არ ექვემდებარება და დაზღვევით არ იფარება:
ა) ფულის ბანკნოტები და კუპიურები, ბეჭდები, ობლიგაციები, სავალო ვალდებულებები, ვაუჩერები, ჟეტონები, საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
ბ) ძვირფასი ლითონები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები, ძვირფასი ქვები; გ) ხელნაწერები, გეგმები, ნახაზები, ნიმუშები;
დ) კომპიუტერებში და ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ლენტი, მაგნიტური დისკი, მეხსიერების ბლოკი და სხვა) და ინფორმაციის სხვა მატარებლები;
ე) მიწისქვეშა შახტები;
ვ) ცოცხალი არსებები და/ან მცენარეები;
ზ) ნავთობ-ქიმიური რისკები, გარდა ბენზინგასამართი სადგურებისა; თ) გადამცემი და/ან გამანაწილებელი ხაზები;
ი) ასაფეთქებელი, ასევე, ქიმიური ნივთიერებების, თხევადი ან კომპრესირებული გაზის წარმოება, მიწოდება, შენახვა;
კ) ისეთი საქონელი, რომელიც მარაგის სახით არის დასაწყობებული მათი შეძენიდან 1 (ერთ) წელზე მეტი ვადით, გარდა წინამდებარე დაზღვევის პირობებში გათვალისწინებული შემთხვევისა;
ლ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, გათვალისწინებული საგზაო გამოყენებისთვის; სარკინიგზო ორთქლმავლები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა, საზღვაო ხომალდები, საჰაერო ხომალდები და ა.შ.;
მ) კოსმოსური ხომალდები, მათ შორის, სატელიტური ანტენები.
2.11. ხანძარი - ქონების დაზიანება უშუალოდ ღია ცეცხლით, რომელიც მოჰყვა წვას და რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცეცხლისთვის განკუთვნილი ადგილიდან განსხვავებულ ადგილას ან თვითნებურად გასცდა ამგვარ ადგილს;
2.12. აფეთქება - აირის ან ორთქლის წნევის ძალის უეცარი და დამანგრეველი გამოვლინება, არამდგრადი სისტემის სწრაფი ქიმიური რეაქცია;
2.13. მეხის დაცემა - უშუალოდ დაზღვევის საგნის დაზიანება მეხის დაცემით;
2.14. თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ან მათი ნაწილების ჩამოვარდნა - თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ან ამ ტრანსპორტიდან ნივთების გადმოვარდნა, რაც განაპირობებს დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურებას;
2.15. მიწისძვრა - უშუალოდ რეგისტრირებული მიწისძვრით გამოწვეული ქონების დაზიანება-განადგურება;
2.16. შტორმი, ქარიშხალი - ბოფორტის სკალით კლასიფიცირებული შტორმით და ქარიშხლით გამოწვეული (წინამდებარე დაზღვევის მიზნებისთვის ქარიშხალი არის 17 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარი) დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურება;
2.17. წყალდიდობა - წყალდიდობა წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია:
ა) ზღვის უჩვეულოდ დიდი მოქცევით;
ბ) ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად;
გ) მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობების დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად.
2.18. წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა - წყლის მილების, მილსადენის, წყლის საცობების, წყლის აგრეგატებისა და ცეცხლჩამქრობი სპეციალური ან სადრენაჟე სისტემების მწყობრიდან გამოსვლით, დატბორვითა და გაჟონვით გამოწვეული ზარალი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი გამოწვეულია წყლის მილების, მილსადენების, საცობების, აგრეგატებისა და ცეცხლჩამქრობი სპეციალური ან სადრენაჟე სისტემების შეკეთებით;
2.19. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა - დაზღვეული ობიექტის ფარული ან აშკარა დაუფლება ან მისი მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი შენობაში მართლსაწინააღმდეგო შეღწევის გზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას დამზღვევის (მოსარგებლის) რომელიმე მუშაკსა ან დაზღვეულ ობიექტზე მყოფ პიროვნებასა და ბოროტმოქმედს შორის. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევით არ იფარება ქურდობის ისეთი შემთხვევები (მიუხედავად იმისა, აღძრულია, თუ - არა სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით), თუ შესაბამისი და სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზღვეულ ობიექტზე ბოროტმოქმედ(ებ)ის შეღწევის ან გამოღწევის ფაქტი და ადგილი აქვს, უბრალოდ დაზღვეული ქონების გაუჩინარებას;
2.20. ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი და უხვთოვლიანობა - უშუალოდ მეწყერით, ნიადაგის ჩამოშლით და უხვთოვლიანობით გამოწვეული ზარალით, ამასთან უხვთოვლიანობით გამოწვეული ზიანი სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა და შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს თოვლის სიმძიმით გამოწვეულ ისეთ ზარალს, როდესაც მყარი ნალექის (თოვლის) საფარი ფორმირებულია 24 საათის განმავლობაში მოსული არანაკლებ 80 მმ ან მეტი მოცულობის ნალექის მიერ;
2.21. მესამე პირი(ებ)ს მიერ განზრახ მიყენებული ზიანი - მესამე პირი(ებ)ს მიერ განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი, გარდა წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
2.22. სატრანსპორტო საშუალების შეჯახებით მიყენებული ზიანი - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების დაზღვეულ ქონებაზე შეჯახების შედეგად დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზარალი;
2.23. გამომუშავებული სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისათვის, სადაზღვევო პერიოდის დასაწყისიდან ასეთ თარიღამდე განვლილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა;
2.24. გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული თარიღისათვის, სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე დარჩენილი დროის მონაკვეთის პროპორციული პრემიის ოდენობა;
2.25. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის ან/და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტები (შემდგომში ზედამხედველობის ობიექტი) - სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ობიექტები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ამავე კანონით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
2.26. წარმომადგენელი - დამზღვევის/მოსარგებლის დირექტორატის წევრები, აქციონერები, მმართველი რგოლის სხვა ნებისმიერ წევრი, ნებისმიერ რწმუნებულ პირი, თანამშრომელი/დაქვემდებარებული/მუშაკი;
2.27. ცვეთა - დროთა განმავლობაში დაზღვეული ქონების ბუნებრივი გაუფასურება;
2.28. დაზღვევის ტერიტორია - სადაზღვევო პოლისში მითითებულ გეოგრაფიულ არეალი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა.
დაზღვევის ხელშეკრულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ ჩვეულებრივი მნიშვნელობა. ამასთან, თუ დაზღვევის ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების გაგება არაერთგვაროვანია, სხვადასხვა ინტერპრეტაციებს შორის უპირატესობა ენიჭება საკანონმდებლო წესით განსაზღვრულ მნიშვნელობას, თუკი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ასეთს ითვალისწინებს.
მუხლი 3. სადაზღვევო შემთხვევა და გამონაკლისები
3.1. სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს მხოლოდ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული რისკების ხდომილებით გამოწვეული დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურება.
3.2. დაზღვევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული რისკებისგან, ამასთან, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია:
ა) იონიზირებული რადიაციით, თერმობირთვული საწვავისა ან ნებისმიერი ბირთვული ნარჩენებით განპირობებული რადიაქტიული დაბინძურებით, რადიაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადი ან ნებისმიერი ბირთვული ნივთიერების შემცველი აირით;
ბ) მიწის სამუშაოებით, დაზღვეული ქონების სარემონტო სამუშაოებით;
გ) მასობრივი არეულობით, ტერორიზმით ან მისი ნებისმიერი გამოვლენით, შემოსევით, უშუალო ან არაპირდაპირ საომარი მოქმედებებით, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობით, სამოქალაქო ომით, საბოტაჟით, აჯანყებით, შეიარაღებული გამოსვლებით, ატომური იარაღის გამოყენებით, მანიფესტაციებით, ლოკაუტით, გაფიცვით და სხვა ანალოგიური მიზეზებით;
დ) ჩრჩილით, ბაქტერიებით, პარაზიტებით, ქონების ლპობით, ცვეთით, ეროზიით, კოროზიით, დაჟანგვით, თანდაყოლილი დეფექტით, მაღალი ან ცვალებადი ტემპერატურით ან ტენიანობით, ფერმენტაციით, აორთქლებით, შემადგენლობის შეცვლით, წონის შემცირებით, გადახურებით, გამოშრობით, შეუსაბამო ან/და არასწორი დიზაინით ან/და პროექტირებით, დეფექტური მასალების გამოყენებით, ქონების სხვა ბუნებრივი თვისებებით;
ე) დამზღვევის (მოსარგებლის) ან მათი წარმომადგენლების განზრახი ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; ვ) სადაზღვევო პოლისში აღნიშნულის გარდა სხვა რისკებით;
ზ) დაზღვეული ქონების პირდაპირი დანიშნულების ტერიტორიაზე (დაზღვევის ტერიტორიაზე) არ ყოფნით;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის (თუ ასეთის არსებობა მითითებულია განაცხადში) გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნით; ი) დაცვის (სიგნალიზაციის) სისტემის (თუ ასეთის არსებობა მითითებულია განაცხადში) გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნით; კ) სახიფათო ნარჩენების შეუსაბამო, არასათანადო შეფუთვით და შეუსაბამო ადგილას მოთავსებით;
ლ) გარემოებებით, რომლებიც ზრდიან სადაზღვევო რისკის დადგომის ალბათობას, ცნობილია დამზღვევისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის და ამის შესახებ არ აცნობა მზღვეველს წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, ან მზღვეველს მიეწოდა ყალბი ან არასრული ინფორმაცია;
მ) დაზღვევის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნებისმიერი სახის მოწყობილობის ან დანადგარის ელექტროობის დაზიანებას, თუ ეს უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოწვეულია მოკლე ჩართვით ან დენის ცვალებადობით; ეს გამონაკლისი არ ეხება ასეთი მოკლე ჩართვის შედეგად გამოწვეული ხანძრით სხვა ქონების დაზიანებას;
ნ) თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ბგერითი ან ზებგერითი სიჩქარით ფრენისას წარმოშობილი წნევის ტალღებით;
ო) სადაზღვევო რისკში განხორციელებული ისეთი არსებითი ცვლილებებით, რომელთა თაობაზე მზღვეველი არ იყო ინფორმირებული, ამასთან, არსებითად მიიჩნევა (მაგრამ არ შემოიფარგლება) ცვლილებები, რომლებიც ეხება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილ ინფორმაციას ან ისეთ გარემოებებს, რომლებიც განაცხადით პირდაპირ არ იყო მოთხოვნილი, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ საფრთხის შეფასებისათვის;
პ) ქონების უგზო-უკვლოდ გაუჩინარებით;
x) გარემოებებით, რომლებიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და/ან დაზღვევის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
რ) კონფისკაციით, მათ შორის, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლით, ჩამორთმევით, რეკვიზიციით, ექსპროპრიაციით, სახელმწიფო/საჯარო ორგანოების განკარგულების საფუძველზე ქონების განადგურებით;
ს) ბირთვული რეაქციით მათ შორის ბირთვული რადიაციით ან დაბინძურებით;
ტ) არაკეთილსინდისიერი ქმედებით, მათ შორის, თაღლითობით, შანტაჟით, გამოძალვით;
უ) პირდაპირ ან ირიბად, დამზღვევის ან/და ზედამხედველობის ობიექტის მფლობელის/მესაკუთრის მიერ კანონის შესაბამისად მიღებული მიწერილობების/რეკომენდაციების/სხვა ღონისძიებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობით, თუ დაზღვევის საგანი შემთხვევის მოხდენის დროს წარმოადგენს ზედამხედველობის ობიექტს ან განთავსებულია მასში;
გამონაკლისია ასევე შენარჩუნების, მათ შორის, ჩვეულებრივი შენახვის, ხარჯები.
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
4.1. დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია:
4.1.1. განუხრელად დაიცვას დაზღვევის ხელშეკრულებით/სადაზღვევო პოლისით დადგენილი პირობები და ნაკისრი მოვალეობები;
4.1.2. უზრუნველყოს მზღვეველი სადაზღვევო ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ინფორმაციით განაცხადის შევსების გზით, და მიუთითოს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საფრთხის შეფასებისთვის, თუნდაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება პირდაპირ არ იყოს მოთხოვნილი დაზღვევის განაცხადით;
4.1.3. დროულად და სრულად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია;
4.1.4. დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად და კონკრეტული დაზღვევის განსახორციელებლად წარმოდგენილ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში (მაგ.: ქონების გასხვისება ან მოსარგებლის შეცვლა, სადაზღვევო რისკის გაზრდა, სადაზღვევო თანხის გაზრდა და ა.შ) შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს წერილობითი ფორმით დაუყონებლივ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, ასეთი ცვლილების წარმოშობის შეტყობის მომენტიდან;
4.1.5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობოს ამის შესახებ ქოლ ცენტრს სადაზღვევო პოლისში მითითებულ ნომერზე, ხოლო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით გაუგზავნოს მზღვეველს შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
4.1.6. ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაძლო ზომა დაზღვევის საგნის გადასარჩენად და ზიანის მოცულობის მაქსიმალურად შესამცირებლად, თუმცა, მზღვეველის თანხმობის გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შეუდგეს დაზიანებული/განადგურებული ქონების აღდგენას/შეკეთებას;
4.1.7. მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება თავისი უფლებამოსილებისა და ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში;
4.1.8. გაუწიოს მზღვეველს სათანადო დახმარება, ხელი შეუწყოს, მიიღოს მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მისი დადგომის გარემოებების, შედეგებისა და მიყენებული ზიანის სიდიდის სრულ და ობიექტურ გამოკვლევაში, დადგენასა და შეფასებაში და არ იმოქმედოს მზღვეველის ინტერესების საწინააღმდეგოდ;
4.1.9. დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული ნებისმიერი უწყების, შეტყობინების ან გზავნილის შესახებ;
4.1.10. საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მზღვეველს სუბროგაციული უფლების განხორციელებაში;
4.1.11. ყველა ღონე იხმაროს დაზღვეული ქონების უსაფრთხოების დასაცავად;
4.1.12. მიანიჭოს სრული თავისუფლება მზღვეველს, რათა ამ უკანასკნელს მიეცეს საშუალება სურვილისამებრ ნებისმიერ დროს შეამოწმოს დაზღვეული ქონების მდგომარეობა;
4.1.13. ზედმიწევნით დაიცვას დაზღვევის ხელშეკრულების ყველა დებულების მოთხოვნა და მიაწოდოს მზღვეველს ყველა საჭირო და შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს;
4.1.14. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაუყონებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს;
4.1.15. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მე-4 მუხლის 4.1.5. პუნქტის შესაბამისად და მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე;
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული (დამოწმებული უფლებამოსილი პირის ბეჭდითა და ხელმოწერით) სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორიგინალის სახით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: შემთხვევის ადგილი და თარიღი, გამომწვევი მიზეზი, შემთხვევის მოხდენაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) (ასეთის არსებობისას), აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები;
გ) თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით და ასეთი პირის ვინაობა ცნობილია, მზღვეველს უნდა წარმოუდგინოს ასეთი მესამე პირის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
დ) დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკებზე (გარდა 2.13; 2.15-2.18 და 2.20 პუნქტით გათვალისწინებული რისკებისა) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ქონება არ წარმოადგენს დამზღვევის (მოსარგებლის) საკუთრებას – მესაკუთრის წერილობითი განცხადება მოსარგებლისათვის ანაზღაურების მიღების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
4.2. მზღვეველი ვალდებულია:
4.2.1. განხორციელებული დაზღვევის დასტურად გადასცეს დამზღვევს დაზღვევის პოლისი, ამასთან, დაზღვევის განსახორციელებლად უზრუნველყოს დამზღვევი შესაბამისი განაცხადის ფორმით;
4.2.2. მიიღოს დამზღვევის განცხადება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ განხილვისთვის;
4.2.3. შეადგინოს სადაზღვევო აქტი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
4.2.4. მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით ანაზღაურებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების საფუძველზე შედგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მესამე პირის განზრახი ქმედებით ზიანის მიყენების, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის (მათი მცდელობის) რისკზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ასეთი აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2 (ორი) კალენდარული თვის ვადაში;
4.2.5. ჯეროვნად შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.
4.3. დამზღვევი/დაზღვეული უფლებამოსილია:
4.3.1. განხორციელებული დაზღვევის დასტურად მოითხოვოს სადაზღვევო პოლისი;
4.3.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს მონაწილეობა მისი გამომწვევი მიზეზების, მიყენებული ზიანის სიდიდის დადგენაში და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების მოკვლევა-მოძიებაში;
4.3.3. სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურების მიღება დაზღვევის ხელშეკრულებით/სადაზღვევო პოლისით დადგენილი წესითა და ოდენობით.
4.4. მზღვეველი უფლებამოსილია:
4.4.1. გააკონტროლოს დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისის პირობებისა და მოთხოვნების შესრულება;
4.4.2. შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულების/დაზღვევის პოლისის მოქმედება და შესთავაზოს დამზღვევს, ახალი ხელშეკრულების დადება შეცვლილი სახით იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ქონების ექსპლუატაციის პირობები;
4.4.3. ცალმხრივად მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულების/დაზღვევის პოლისის მოქმედება და წერილობით შეატყობინოს დამზღვევს აღნიშნულის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ დამზღვევის მიერ განაცხადში მითითებული მონაცემები და გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს ან ყალბია;
4.4.4. გააგზავნოს შესაბამისი შეკითხვები კომპეტენტურ ორგანოებში დაზღვევისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით;
4.4.5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოითხოვოს დამზღვევისაგან დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც მზღვეველი მიიჩნევს საჭიროდ სადაზღვევო შემთხვევის ობიექტურად შეფასებისათვის;
4.4.6. დაათვალიეროს და დაასურათოს შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონება;
4.4.7. დაითვალოს დაზიანებული/განადგურებული/დაკარგული ქონების აღდგენითი/შენაცვლებითი/საბაზრო ღირებულება (შეადგინოს ხარჯთაღრიცხვა);
4.4.8. დამზღვევისგან მოითხოვოს საკუთრების უფლება დაკარგულ ქონებაზე/განადგურებული ქონების ნარჩენებზე/დაზიანებული ქონების შეცვლილ ნაწილებზე;
4.4.9. თუ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში გაირკვა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო მესამე პირის ქმედებით, გამოიყენოს სუბროგაციული უფლება და მოითხოვოს ანაზღაურება გაცემული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში;
4.4.10. გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტთან დაკავშირებით დამზღვევის (მოსარგებლის) ან მისი წარმომადგენლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
4.4.11. დაზღვევის პერიოდის ამოწურვამდე დაზღვეული ქონების ან მისი ნაწილის სრული განადგურების ან დაკარგვის გამო სრული ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში, მიიჩნიოს დაზღვევის ხელშეკრულება დასრულებულად შესაბამისი ქონების დაზღვევის ნაწილში;
4.4.12. თუ სადაზღვევო ანაზღაურების მომენტისათვის დამზღვევს ერიცხება დავალიანება, ანაზღაურების თანხიდან გამოქვითოს შესაბამის დავალიანების თანხა;
4.4.13. არ აანაზღაუროს ზარალი, თუ დამზღვევმა (მოსარგებლემ) სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;
4.4.14. არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
4.4.15. არ აანაზღაუროს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას;
მუხლი 5. სადაზღვევო თანხა და ფრანშიზა
5.1. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დამზღვევის მიერ. ეს არის თანხა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება; სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დაზღვეული საგნის აღდგენით, შენაცვლებით ან/და საბაზრო ღირებულებას; თითოეული დაზღვევის საგნისათვის სადაზღვევო თანხა აღნიშნული იქნება სადაზღვევო პოლისში, რომელზედაც გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები და პირობები; დამატებით შეიძლება დაწესდეს სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტ(ებ)ი, რაც, ასევე, ასახვას ჰპოვებს სადაზღვევო პოლისში.
5.2. სადაზღვევო თანხა/ქველიმიტი ამოწურვადია და მცირდება ყოველ ჯერზე გაცემული ანაზღაურების ოდენობით. მისი აღდგენა შესაძლებელია წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მზღვეველის მიერ განსაზღვრული დამატებითი სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.
5.3. სადაზღვევო პოლისში განისაზღვრება ფრანშიზა, რაც წარმოადგენს თანხას, რომელიც აკლდება ზარალის ოდენობას თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე და რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი.
5.4. დასაზღვევი საგნების დამატება შესაძლებელია მზღვეველთან შეთანხმებით, დამატებითი პრემიის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნულზე გაიცემა პოლისის დანართი, რომელიც ძალაში შედის დამატებითი პრემიის გადახდისთანავე, თუ პოლისის დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 6. სადაზღვევო პრემია
6.1. დამზღვევის მიერ ყოველი კონკრეტული ობიექტის დაზღვევისათვის მზღვეველის სასარგებლოდ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის, შესაბამისი სადაზღვევო თანხის, მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტების, სადაზღვევო ტარიფისა და უპირობო ფრანშიზის მოცულობა განისაზღვრება სადაზღვევო პოლისით დამზღვევის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული განაცხადის მონაცემთა საფუძველზე.
6.2. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის დამზღვევის მიერ გადახდამდე, ხოლო თუ სადაზღვევო პოლისი მრავალწლიანია, როგორც პირველი, ისე ყოველი მომდევნო წლის პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
6.3. სადაზღვევო პრემიის დროულად, სადაზღვევო პოლისით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მზღვეველის მხრიდან განისაზღვრება პრემიის გადახდის ორკვირიანი დამატებითი ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ ადგილი ექნება სადაზღვევო შემთხვევას, და გადახდა არ იქნება განხორციელებული, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, პრემიის დროულად გადაუხდელობისას მზღვეველი უფლებას იტოვებს ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება/სადაზღვევო პოლისის მოქმედება.
მუხლი 7. სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლა
7.1. სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდე განისაზღვრება დაზღვევის საგნის აღდგენითი, საბაზრო ან შენაცვლებითი ღირებულებით სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ფრანშიზისა და წინამორბედ შემთხვევებზე (ასეთის არსებობისას) გაცემული თანხების (ანაზღაურების) გამოკლებით,
7.2. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვეული ქონების სადაზღვევო ღირებულებაზე (აღდგენითი, საბაზრო ან შენაცვლებით ღირებულებაზე), მაშინ, მზღვეველი ანაზღაურებს ზარალს სადაზღვევო თანხისა და აღდგენითი/შენაცვლებითი/საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად ანუ ასანაზღაურებელი ზიანის თანხა შემცირდება ისეთივე პროპორციით, როგორსაც შეადგენს სადაზღვევო თანხა სადაზღვევო ქონების აღდგენით/შენაცვლებით/საბაზრო ღირებულებასთან. ეს პირობა შეეხება ნებისმიერ ცალკეულ დაზღვეულ საგანსაც.
7.3. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მიერ მითითებული სასაქონლო მარაგების/სარეალიზაციოდ გამზადებული მზა პროდუქციის მაქსიმალური თვითღირებულება (სადაზღვევო თანხა) ნაკლებია შემთხვევის მომენტში არსებული/განთავსებული სასაქონლო მარაგების/სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის მაქსიმალურ თვითღირებულებაზე, მაშინ, მზღვეველი ანაზღაურებს ზარალს სადაზღვევო თანხისა და შემთხვევის მომენტში არსებული ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
7.4. დაზღვეული ქონების განადგურებისას:
7.4.1. დამოუკიდებლად/იზოლირებულად/ცალკე მდგომი დაზღვეული შენობა ნაგებობის/კონსტრუქციული ელემენტის განადგურების შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება შენობა ნაგებობის/კონსტრუქციული ელემენტის ხელახალი აშენების ღირებულება (აღდგენითი ღირებულება), ამასთან, იგულისხმება ქონების იმ მდგომარეობაში აღდგენა, რომელშიც იმყოფებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, ცვეთის გათვალისწინებით.
7.4.2. მრავალბინიანი/მრავალსართულიან შენობა-ნაგებობაში განთავსებული დაზღვეული შენობა ნაგებობის/კონსტრუქციული ელემენტის განადგურების შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე მისი საბაზრო ღირებულება.
7.4.3. რემონტი/შიდა მოპირკეთების განადგურების შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მისი აღდგენის ღირებულება, ამასთან, იგულისხმება ქონების იმ მდგომარეობაში აღდგენა, რომელშიც იმყოფებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, ცვეთის გათვალისწინებით.
7.4.4. შიგთავსის/ინვენტარის ან სხვა ქონების განადგურების შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მისი შენაცვლების ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს შემთხვევის დადგომამდე არსებული მდგომარეობისა, ცვეთის გათვალისწინებით.
7.4.5. სასაქონლო მარაგების/სარეალიზაციოდ გამზადებული მზა პროდუქციის განადგურების/დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მისი თვითღირებულება. ამასთან, თუ დადგინდება, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული / განადგურებული მარაგების/მზა პროდუქციის 85% ან მეტი, სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის, დასაწყობებული იყო შეძენიდან 1 წელზე ნაკლები ვადით, ანაზღაურებას დაექვემდებარება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული/განადგურებული მარაგების/მზა პროდუქციის სრული მოცულობა. სხვა შემთხვევაში, ანაზღაურების განსაზღვრისას გამოყენებული იქნება წინამდებარე დაზღვევის პირობების 2.10 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.
7.5. დაზღვეული ქონების ნაწილობრივი დაზიანებისას:
7.5.1. ქონების დაზიანების შემთხვევაში – ანაზღაურებას ექვემდებარება შესაბამისი აღდგენის ხარჯები (იგულისხმება რემონტის/შეკეთების შედეგად ქონების იმ მდგომარეობაში აღდგენა, რომელშიც იგი იმყოფებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, ცვეთის გათვალისწინებით).
7.6. თუ ქონების აღდგენა რთულდება სახელმწიფოს მიერ მიღებული რაიმე სახის შემზღუდავი აქტის საფუძველზე, აღდგენის გართულებით განპირობებული ხარჯები არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.
7.7. მზღვეველი აანაზღაურებს ნარჩენების გატანის ხარჯებს, რომელიც განხორციელდა მზღვეველის თანხმობის საფუძველზე და ითვალისწინებს იმ ნარჩენების გატანას, რომლებიც წარმოიქმნა წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული ქონების ნაწილების დანგრევის, დემონტაჟის, გამაგრების ან გამყარების შედეგად, სადაზღვევო თანხის 10%-ის ფარგლებში, თუ ასეთი დაფარვის შესახებ სპეციალურად არის მითითებული სადაზღვევო პოლისში.
7.8. მზღვეველი აანაზღაურებს არქიტექტორებზე, ინსპექციასა და ინჟინერ-კონსულტანტებზე გაწეულ გონივრულ ხარჯებს, რომლებიც გაღებული იქნა წინამდებარე პირობების შესაბამისად დაზღვეული ქონების დაზიანების ან განადგურების გამო სადაზღვევო თანხის 10%- ის ფარგლებში, თუ ასეთი დაფარვის შესახებ სპეციალურად არის მითითებული სადაზღვევო პოლისში.
7.9. დაზღვევის საგნის აღდგენის ღირებულებაში არ ჩაითვლება:
ა) ობიექტის რეკონსტრუქციასთან ან მის გადაიარაღებასთან, გაუმჯობესებასთან, მისი ცალკეული ნაწილების, დეტალებისა და მოწყობილობების, მათი გაცვეთის, ტექნიკური წუნისა და ა.შ. შეკეთებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოების ღირებულება;
ბ) ობიექტის ტექნიკური მომსახურებისა და საგარანტიო შეკეთების ღირებულება.
მუხლი 8. სადაზღვევო შემთხვევის აქტი და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
8.1. ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის ყველა დოკუმენტაციის (მათ შორის ზარალის შეფასების აქტი (ხარჯთაღრიცხვა)) მიღების შემდეგ, დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც წარმოადგენს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს და რომელზეც ხელს აწერს ორივე მხარე (მზღვეველი და დამზღვევი/მოსარგებლე). სადაზღვევო აქტზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცულობაზე და სხვა გარემოებებზე, რის შემდეგაც 4.2.4 პუნქტში მითითებულ ვადაში ანაზღაურდება თანხა დამზღვევის (მოსარგებლის) სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის აქტში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი და დამზღვევი ვერ შეთანხმდნენ ზარალის საბოლოო ოდენობაზე, ზარალის შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით. ამასთან, ზარალის შეფასებაზე გასაწევი ხარჯებს ფარავს ის მხარე, ვისი ინიციატივითაც ხორციელდება შეფასება. ორივე მხარის ინიციატივის შემთხვევაში კი, ხარჯები თანაბრად ნაწილდება.
8.3. ქონების განადგურებისას, მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელ თანხას დააკლდება ასეთი მომენტისათვის დამზღვევის მიერ დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისათვის მზღვეველისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის (ასეთის არსებობისას) თანხა.
8.4. თუ დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული, დამზღვევი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე განახორციელოს მზღვეველის ინფორმირება და შესაბამის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნოს სხვა მზღვეველების ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ანუ თუ დაზღვეული ინტერესი რამდენიმე მზღვეველთან აღმოჩნდება დაზღვეული ერთი და იმავე რისკისაგან და სადაზღვევო თანხმები ჯამში საბაზრო ღირებულებას აჭარბებს, მზღვეველები დამზღვევის წინაშე ვალდებულნი არიან, როგორც სოლიდარული მოვალეები იმ თანხის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია დამზღვევთან გაფორმებულ შესაბამის დაზღვევის ხელშეკრულებაში (სადაზღვევო პოლისში), მაგრამ დამზღვევს არ აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.
მუხლი 9. დათქმა სტელაჟების შესახებ
9.1. სასაქონლო მარაგების/სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის დაზღვევის შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისით დაფარულია 2.17 და 2.18 პუნქტებით გათვალისწინებული რისკები, ამ რისკებისაგან დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები/სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია, რომელიც ინახება იატაკის დონიდან არანაკლებ 12 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე.
მუხლი 10. სუბროგაციის წესი
10.1. მზღვეველზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადადის სუბროგაციული მოთხოვნის უფლება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გადახდილი ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში. დამზღვევი ვალდებულია გადასცეს მზღვეველს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, ორიგინალის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით, რომელიც საჭიროა ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის.
10.2. დამზღვევის მიერ ზიანზე პასუხისმგებელი პირისათვის უარის თქმა პრეტენზიებზე ან იმ უფლებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მიმართ მოთხოვნების რეალიზაციას, აგრეთვე უარის თქმა მზღვეველისათვის, გადასცეს ამ უკანასკნელს რეგრესული მოთხოვნის წასაყენებლად საჭირო დოკუმენტები, ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან, ხოლო თუ ასეთი ანაზღაურება უკვე გაცემულია, მზღვეველს ანიჭებს გაცემული თანხის უკან მოთხოვნის უფლებამოსილებას.
მუხლი 11. დავა და ზიანის ანაზღაურება
11.1. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მისი ურთიერთშეთანხმებით/მორიგებით დასრულების მიზნით მხარეები, აგრეთვე დაზღვეული და მოსარგებლე მიმართავენ ა(ა)იპ
„საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციის“ პროცესთან დაკავშირებული საერთო ხარჯების დაფინანსება ხდება „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ საწევრო შემოსავლებიდან.
11.3. თითოეული მხარე ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს თავისი ქმედებით მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. ფორს-მაჟორი
12.1. მხარეები დროებით თავისუფლდებიან დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, თუ ზემოხსენებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების მიზეზი იყო დაუძლეველი ძალის ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომა.
12.2. ფორს-მაჟორული მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში მხარეთა ვალდებულებანი წყდება მხოლოდ დროებით და სრულად ახლდება ამ გარემოებათა დამთავრების ან აღმოფხვრისთანავე.
12.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომა და შეწყვეტა უნდა დაადასტუროს შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ.
მუხლი 13. დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) მზღვეველის მიერ სადაზღვევო პოლისის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება; ბ) მეორე მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა;
გ) პოლისით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
დ) თუ დაზღვევის საგანი აღარ არსებობს, გარდა სადაზღვევო რისკით გამოწვეული შედეგებისა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზღვევის საქმიანობის შეწყვეტა;
ვ) სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტის ამოწურვა;
x) დამზღვევის, მისი წარმომადგენლის ან დამზღვევის სახელით მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ, სადაზღვევო რისკის, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზრდა;
თ) მხარეთა წინასწარი წერილობითი შეთანხმება;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და/ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.