GWP - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002; „მხარეები“ - „კომპანია“ და „GWP“ ერთობლივად; „მხარე“ - „კომპანია“ და „GWP“ ცალ- ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ „ხელშეკრულების ძირითად პირობებში“ არ არის ეს განსაზღვრული სხვაგვარად,...
მომსახურების ხელშეკრულება
ხელშეკრულების ზოგადი პირობები
დანართი N1
ტერმინთა განმარტება
GWP - შპს „xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002;
„კომპანია“ – „ხელშეკრულებაში“ ან ხელშეკრულების ძირითად პირობებში მოცემული პირი;
„მხარეები“ - „კომპანია“ და „GWP“ ერთობლივად;
„მხარე“ - „კომპანია“ და „GWP“ ცალ-ცალკე;
„ხელშეკრულების ძირითადი პირობები“ – „მხარეთა“ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი, ნასყიდობის ფასი, მიწოდების ვადა, საგარატიო პერიოდი და ნებისმიერი სხვა პირობა, რომელიც შესაძლოა აზუსტებდეს ავსებდეს ან ცვლიდეს წინამდებარე „ხელშეკრულების ზოგადი პირობების“ დებულება.
„ხელშეკრულების ზოგადი პირობები“ – წინამდებარე ხელშეკრულების ზოგადი პირობები;
„ხელშეკრულება“ – „მხარეთა“ შორის „ხელშეკრულების“ საგანთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით (მათ შორის ინვოისის საფუძველზე) გაფორმებული ნებისმიერი წერილობითი შეთანხმება;
„მომსახურება“ – „ხელშეკრულებით“ ან „ხელშეკრულების ძირითადი პირობებით“ გათვალისწინებული მომსახურება;
„ნასყიდობის ფასი“ – „ხელშეკრულებით“ ან „ხელშეკრულების ძირითადი პირობებით“ გათვალისწინებული ან/და „მომსახურების“ მიწოდების სანაცვლოდ „მხარეთა“ შორის ნებისმიერი სხვა ფორმით შეთანხმებული ანაზღაურება.
„სამუშაო დღე“ - ნებისმიერი დღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, გარდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე და დასვენების დღეებისა.
„აკრძალული საქმიანობა“ - ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ მოიცავს საქონლის ან/და ტექნოლოგიის გაყიდვას, მიწოდებას, გადაცემას ან/და ექსპორტს, ტექნიკური, საინვესტიციო, საბროკერო, ფინანსური მომსახურების მიწოდებას და სხვა სახის საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ან/და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, რუსეთის ფედერაციაში არსებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, უწყების ან/და ორგანოს თავდაცვის ან/და უშიშროების სექტორის განვითარებას.
ხელშეკრულების ზოგადი პირობები
„ხელშეკრულების ზოგადი პირობების დებულებებსა“ და „ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „ხელშეკრულების ძირითად პირობებს“.
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანის აღწერა მოცემულია ხელშეკრულების ძირითად პირობებში.
მომსახურების გაწევა
იმ შემთხვევაში, თუ „ხელშეკრულების ძირითად პირობებში“ არ არის ეს განსაზღვრული სხვაგვარად, კონკრეტული „მომსახურების“ მიღების მოთხოვნას GWP „კომპანიას“ უგზავნის წერილობითი ფორმით, მათ შორის ელექტრონული ფორმით (შემდგომში „დავალება“).
“კომპანია” ვალდებულია, რომ „მომსახურება“ გაწიოს „დავალებაში“ მითითებულ ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ „მომსახურების“ გაწევის დროს აღმოჩნდება, რომ „კომპანიას“ არ შეუძლია კონკრეტული „დავალების“ შეთანხმებულ ვადაში შესრულება, მაშინ “კომპანია” ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს GWP-ის აღნიშნულის შესახებ და შეათანხმოს „დავალების“ შესრულების ახალი ვადა.
იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეთანხმდებიან „ხელშეკრულების“ შესრულების ახალ ვადაზე, მაშინ ეს ჩაითვლება „კომპანიის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად (გარდა „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) და GWP უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ხელშეკრულება ან/და „კომპანიის“ მიმართ განახორციელოს „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული ნებისმიერი და ყველა უფლებამოსილება, როგორც ამას GWP მიიჩნეს მიზანშეწონილად.
„დავალება“ ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც „მხარეთა“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
„მხარეები“ ვალდებული არიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმონ თითოეული „დავალებისთვის“.
„ნასყიდობის ფასი“ და ანგარიშსწორების პირობა
გაწეული „მომსახურების“ „ნასყიდობის ფასი“ შეიცავს „კომპანიის’’ ყველა ხარჯს და გადასახადს, დღგ-ს და ტრანსპორტირების ღირებულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩათვლით.
„მხარეთა“ შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
მხარეთა უფლებები, ვალდებულებები და განცხადებები
„კომპანია“ ვალდებულია, GWP-ს „მომსახურება“ გაუწიოს პირადად ან/და შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების/დაქირავებული პერსონალის საშუალებით.
„კომპანია“ ვალდებულია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურება“ გაწიოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად, შეთანხმებულ დროსა და ადგილას, „მომსახურების“ სფეროში არსებული სტანდარტებისა და წესების, ასევე GWP ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
„კომპანია“ ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „მომსახურების“ გაწევისას „მომსახურების“ გაწევაში ჩართულმა პირებმა მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უნარ-ჩვევები, იმოქმედონ გულდასმით და დაიცვან უმაღლესი პროფესიული სტანდარტები.
“კომპანია” ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას გაითვალისწინოს/შეასრულოს GWP-ს მითითებები. “კომპანია” უფლებამოსილია, გადაუხვიოს GWP-ს მითითებებს მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
“კომპანია” ვალდებულია, GWP-ს ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, ცნობები წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ - ჩააბაროს მას ანგარიში.
“კომპანია” პასუხისმგებელია „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, „მომსახურების“ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე მისი ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად GWP-სათვის მიყენებულ ზიანზე (ზარალზე).
იმ შემთხვევაში, თუ „მომსახურების“ შედეგად „კომპანია“ GWP-ს გადასცემს დასკვნას, მოხსენებას ან ნებისმიერ სხვა ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს, ეს ნიშნავს, რომ „კომპანია“ GWP-ს ასევე გადასცემს ასეთ დასკვნასთან, მოხსენებასთან ან ნებისმიერ სხვა ინტელექტუალური საკუთრების შედეგთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, რაც, შეზღუდვის გარეშე, გულისხმობს, რომ GWP-ს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება გამოიყენოს აღნიშნული ნებისმიერი დანიშნულებით, გაავრცელოს და გადასცეს აღნიშნული ნებისმიერ მესამე მხარეს, დაყოს ან/და შეიტანოს ცვლილებები, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
GWP ვალდებულია დროულად და „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხადოს „კომპანიას“ „ნასყიდობის ფასი“.
GWP ვალდებულია მიაწოდოს „კომპანიას“ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც სჭირდება მას „მომსახურების“ გაწევისათვის.
იმ შემთხვევაში თუ “კომპანია” დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას, GWP უფლებამოსილია ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეამციროს „კომპანიისთვის“ გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ ოდენობა დარღვევის/მიყენებული ზიანის პროპორციულად. გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს GWP, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „კომპანიის“ მიერ.
„კომპანია“ GWP -ს სასარგებლოდ ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ არც თავად და არც მისი შვილობილი ან/და დაკავშირებული პირები, აქციონერები/პარტნიორები/მესაკუთრეები, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები:
ა) არ არიან და არც წარსულში მოხვედრილან უფლებამოსილი ორგანოების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში;
ბ) წინამდებარე „ხელშეკრულების“ გაფორმებამდე არ ახორციელებდნენ „აკრძალულ საქმიანობას“ და არ განახორციელებენ „აკრძალულ საქმიანობას“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში.
„მომსახურების“ ხარისხი
გაწეული „მომსახურების“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „მომსახურების“ სფეროში დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
მხარეთა პასუხისმგებლობა
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, „მხარეები“ პასუხს აგებენ წინამდებარე „ხელშეკრულების ზოგადი პირობებით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მათ შორის შესრულების ვადის გადაცილებისათვის „GWP“ უფლებამოსილია დააკისროს „კომპანიას“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე „ნასყიდობის ფასის“ 0.1%-ის ოდენობით ან/და თითოეული დარღვეული ვალდებულებისთვის 100 (ასი) ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიის“ მიერ გაწეული „მომსახურების“ შედეგად GWP-ის ან/და მესამე მხარეს მიადგება რაიმე ზიანი, რომელიც ასანაზღაურებელი გახდება GWP-ს მიერ, GWP უფლებამოსილია ასეთი ზიანის საკომპენსაციო თანხა, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა, სრულად დააკისროს „კომპანიას“.
„მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
წინამდებარე „ხელშეკრულების ზოგად პირობებზე“ ხელმოწერით „კომპანია“ აღიარებს და ეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში „კომპანიას“ GWP-ის მიმართ გადასახდელი ექნება რაიმე სახის პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ან/და ზიანის საკომპენსაციო თანხა, GWP უფლებამოსილია ასეთი პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის ან/და ზიანის საკომპენსაცი თანხა დაქვითოს ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელი ვალდებულებიდან, მიუხედავად იმისა, თუ რის საფუძველზე წარმოიშვა იგი.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართით (ეთიკის და ქცევის კოდექსი, ანტიკორუფციული პოლიტიკა, გაეროს გლობალური შეთანხმება) გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიების და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში GWP უფლებამოსილია მოსთხოვოს „კომპანიას“ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, მათ შორის „ხელშეკრულების“ ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა.
„ხელშეკრულების“ მოქმედების ვადამდე შეწყვეტა
წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „კომპანიის“ მიერ, თუ GWP არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, GWP-ს მიერ, თუ „კომპანია“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) დაუყოვნებლივ, GWP-ს მიერ, მისთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობის (მათ შორის რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს) დაკისრების გარეშე, თუ „კომპანია“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას ან წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართით (ეთიკის და ქცევის კოდექსი, ანტიკორუფციული პოლიტიკა, გაეროს გლობალური შეთანხმება) გათვალისწინებულ განცხადებებს, გარანტიებს და ვალდებულებებს;
(დ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე GWP-ს მიერ „კომპანიისათვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(ე) ნებისმიერ დროს, „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
თუ „ხელშეკრულება“ „კომპანიამ“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც GWP მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „კომპანიამ“ უნდა აუნაზღაუროს GWP-ს „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა „კომპანიას“ ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო GWP-სათვის.
„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, GWP „კომპანიას“ აუნაზღაურებს მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს „კომპანიის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა), რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან GWP-ს მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „კოპანია“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის დასრულების ან ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში „კომპანია“ ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს GWP-ს ყველა ფაილი, მასალა, დოკუმენტი, მონაცემი, ანგარიში, ჩანაწერი და/ან ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც გადაცემული ქონდა „კომპანიას“ GWP-სგან ან რომელიც შეძენილი და/ან შექმნილი იქნა GWP-სათვის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ფარგლებში.
ფორს-მაჟორი
„მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით.
„ხელშეკრულების“ მიზნებისათვის ფორსმაჟორული ვითარება, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
„მხარე“, რომელსაც ფორსმაჟორული ვითარება შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი ფორსმაჟორული ვითარების თაობაზე, ფორსმაჟორული ვითარების ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
ფორსმაჟორული ვითარების დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი ფორსმაჟორული ვითარების დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული ვითარება გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
„ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
„მხარეთა“ შორის „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
დასკვნითი დებულებები
„ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ „მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
„ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „მხარეები“ აღიარებენ და ადასტურებენ, რომ მათ მიღებული აქვთ ყველა თანხმობა და დასტური, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ამ „ხელშეკრულების“ გაფორმებისთვის მათი შიდა კორპორატიული დოკუმენტებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
წინამდებარე „ხელშეკრულების ზოგადი პირობები“ გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „GWP“-სთან, ხოლო მეორე - „კომპანიასთან“.
მხარეთა ხელმოწერები:
GWP________________________________________
„კომპანია“ ___________________________________