Contract
ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან
1.ტერმინთა განმარტება
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. მომხმარებელი - მსესხებელი ან/და ინვესტორი, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც შევა (ეწვევა) ვებგვერდზე, იმისდა მიუხედავად არის თუ არა ის მსესხებლად ან/ და ინვესტორად რეგისტრირებული;
1.2. მსესხებელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე ,,მსესხებლის“ სტატუსით, პორტალის მეშვეობით ინვესტორებისაგან სესხის დასაფინანსებლად თანხის მოთხოვნის მიზნით;
1.3. ინვესტორი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე ,,ინვესტორის“ სტატუსით, პორტალის მეშვეობით მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსების მიზნით;
1.4. სესხის თანხა – თანხა, რომელსაც მსესხებელი ითხოვს მისი სესხის დასაფინანსებლად;
1.5. ვებგვერდი - xxx.xxxxxxxx.xx;
1.6. პორტალი – ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მსესხებელი ითხოვს თანხას სესხის დასაფინანსებლად, ხოლო ინვესტორი აფინანსებს მოთხოვნილ სესხს;
1.7. კომპანია – სს „პირდაპირი საინვესტიციო სისტემები“, რომელიც ახდენს ვებგვერდის ადმინისტრირებას;
1.8. ვირტუალური ანგარიში - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ვებგვერდის მომსახურებით სარგებლობისათვის მინიჭებული ანგარიში, რომელზეც აისახება მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია.
2. შესავალი დებულებები
2.1. წინამდებარე ხელშეკრულება აწესრიგებს ურთიერთობას კომპანიას, მსესხებელსა და ინვესტორს შორის.
2.2. კომპანიას, მსესხებელსა და ინვესტორს შორის ურთიერთობაზე ასევე ვრცელდება ვებგვერდით სარგებლობის პირობები და ყველა ის პროცედურა, წესი და ინსტრუქცია, რომელიც ატვირთულია პორტალზე და რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ვებგვერდით სარგებლობის შესახებ.
2.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადება წარმოადგენს პორტალით, მსესხებლისა და ინვესტორის პროფილით სარგებლობის წინაპირობას.
2.4. მსესხებელი
2.4.1. მსესხებლის პროფილის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ მსესხებელი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, ასევე მის 2.2. პუნქტში მითითებულ პირობებს.
2.4.2. მსესხებელმა მუდმივად უნდა აკონტროლოს პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შეთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის გაუგებრობის ან დამდგარი შედეგისათვის.
2.4.3. მსესხებელი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი (არანაკლებ 20 წლის) და ქმედუნარიანი და სრულად აცნობიერებს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც მას ამ ხელშეკრულებით წარმოეშობა.
2.4.4. მსესხებელი – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ადასტურებს, რომ რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არ ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას.
2.4.5. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პორტალზე მსესხებლად რეგისტრაცია არ წარმოადგენს სესხის მიღების გარანტიას და შესაძლოა მის მიერ მოთხოვნილი სესხი არ დაფინანსდეს.
2.5. ინვესტორი
2.5.1. ინვესტორის პროფილის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ ინვესტორი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, ასევე მის 2.2. პუნქტში მითითებულ პირობებს.
2.5.2. ინვესტორმა მუდმივად უნდა აკონტროლოს პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შეთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის გაუგებრობის ან დამდგარი შედეგისათვის.
2.5.3. ინვესტორი – ფიზიკური პირი ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი (არანაკლებ 18 წლის) და ქმედუნარიანი და სრულად აცნობიერებს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც მას ამ ხელშეკრულებით წარმოეშობა.
2.5.4. ინვესტორი – იურიდიული პირი ადასტურებს, რომ რეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას.
2.5.5. ინვესტორი აცნობიერებს, რომ სესხი არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლოა მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდეს.
3. მომხმარებლის პროფილი და ვირტუალური ანგარიში
3.1. მსესხებელი
3.1.1. პორტალის მეშვეობით გარიგების დასადებად – სესხის მისაღებად მსესხებელს უნდა ჰქონდეს მსესხებლის პროფილი.
3.1.2. მსესხებლის პროფილის შექმნით დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია.
3.1.3. რეგისტრაციის მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს პროფილი.
3.1.4. დარეგისტრირებისას მსესხებელი აფიქსირებს ინდივიდუალურ სახელსა და პაროლს პორტალზე ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, მის სახელზე შეიქმნება ვირტუალური ანგარიში, რომელზეც აისახება ნებისმიერი ფინანსური მოქმედება.
3.1.5. პაროლის კონფიდენციალურობის დაცვა არის მსესხებლის ვალდებულება. მესამე პირის მიერ მსესხებლის პაროლითა და პროფილით სარგებლობაზე პასუხისმგებელია თავად მსესხებელი. რეგისტრირებული პროფილის მეშვეობით ვებ-გვერდის ვიზიტისა და/ან მომსახურებით სარგებლობისას, მიიჩნევა, რომ ვებ-გვერდზე შევიდა ამ პროფილით რეგისტრირებული მსესხებელი. ასეთი ქმედების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ენიჭება რეგისტრირებულ მსესხებელს.
3.1.6. მსესხებელს ენიჭება სარეიტინგო კატეგორია მის მიერ პორტალისათვის მიწოდებული და კომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის, ასევე პორტალზე მისი სასესხო ისტორიის გათვალისწინებით, რაც განსაზღვრავს სესხის საპროცენტო სარგებლის განაკვეთს.
3.2. ინვესტორი
3.2.1. პორტალის მეშვეობით გარიგების დასადებად – სესხის დასაფინანსებლად ინვესტორს უნდა ჰქონდეს მომხმარებლის პროფილი.
3.2.2. ინვესტორის პროფილის შექმნით დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია.
3.2.3. რეგისტრაციის მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინვესტორმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს პროფილი.
3.2.4. დარეგისტრირებისას ინვესტორი მიიღებს ინდივიდუალურ სახელსა და პაროლს პორტალზე ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, მის სახელზე შეიქმნება ვირტუალური ანგარიში, რომელზეც აისახება ნებისმიერი ფინანსური მოქმედება.
3.2.5. პაროლის კონფიდენციალურობის დაცვა არის ინვესტორის ვალდებულება. მესამე პირის მიერ ინვესტორის პაროლითა და პროფილით სარგებლობაზე პასუხისმგებელია თავად ინვესტორი. რეგისტრირებული პროფილის მეშვეობით ვებ-გვერდის ვიზიტისა და/ან მომსახურებით სარგებლობისას, მიიჩნევა, რომ ვებ-გვერდზე შევიდა ამ პროფილით რეგისტრირებული ინვესტორი. ასეთი ქმედების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ენიჭება რეგისტრირებულ ინვესტორს.
3.2.6. ავტორიზაციის დასასრულებლად ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ვირტუალური ანგარიში 500 ერთეულით (1 ერთეული = 1 ლარს).
3.2.7. ინვესტორის მიერ სესხის დაფინანსების შემთხვევაში, მისი ვირტუალური ანგარიში უნდა შეივსოს 3.2.6. პუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე.
3.2.8. ვირტუალურ ანგარიშზე თანხის შევსება შესაძლებელია საბანკო ბარათის მონაცემების გამოყენებით, საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით/გადარიცხვით ან სწრაფი გადახდის აპარატით.
4. სესხის დაფინანსება
4.1. მსესხებელი
4.1.1. სესხის მისაღებად მსესხებელი ავსებს განაცხადს, რომელშიც მიეთითება მოთხოვნილი სესხის ოდენობა, ვადა და მიზნობრიობა. სესხზე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრება მსესხებლის საკრედიტო ინფორმაციის საფუძველზე.
4.1.2. მსესხებელი ვალდებულია სესხის განაცხადის შევსებისას მიუთითოს სესხის მიზნობრიობა.
4.1.3. სესხის დაფინანსების შემთხვევაში თანხის არამიზნობრივად გამოყენებისას კომპანია უფლებამოსილია გაუზარდოს მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი 0%-დან 5%-მდე ოდენობით.
4.1.4. თუ მსესხებელს თანხა ესაჭიროება სხვა ფინანსურ კომპანიებში არსებული დავალიაენების დასაფარად, მაშინ იგი ვალდებულია სესხის დაფინანსებიდან 5 დღის ვადაში კომპანიას წარუდგინოს ოფიციალური დოკუმენტები, რითაც დასტურდება ამ ვალდებულებების გადაფარვა.
4.1.5 სესხის დაფინანსებისას მსესხებლის მიერ თანხის არამიზანობრივად გამოყენების შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი (დარჩენილი) ვალდებულების შესრულება.
4.1.5. სესხის მოთხოვნის შესახებ ყოველი განაცხადის შევსებისას კომპანია ადგენს მსესხებლის სარეიტინგო კატეგორიას, რის შემდეგაც განაცხადი სესხის მოთხოვნის შესახებ განთავსდება პორტალზე.
4.1.6. სესხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
4.1.7. სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
4.1.8. მიმდინარე სესხის არსებობისას მსესხებელს შეუძლია კიდევ მოითხოვოს სესხი, ან ერთდროულად გააკეთოს მოთხოვნა ორ ან რამოდენიმე სესხზე, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მინიმუმ ერთი წარმატებული სესხის ისტორია.
4.1.9. სესხი შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე ინვესტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ კრედიტორებს.
4.1.10. სესხი გაიცემა, თუ ინვესტორი/ინვესტორები განაცხადებენ სურვილს მის სრულად დაფინანსებაზე განაცხადის პორტალზე განთავსებიდან 5 დღის ვადაში. თუ მითითებულ ვადაში ინვესტორი/ინვესტორები განაცხადებენ სესხის არანაკლებ 70%– ის დაფინანსების სურვილს, ვადა გრძელდება 5 დღით. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ განაცხადი სესხის მოთხოვნის შესახებ უქმდება.
4.1.8. მსესხებელი უფლებამოსილია სესხის მიღებამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს მოთხოვნა სესხზე, რაც აისახება მის სარეიტინგო კატეგორიაზე.
4.1.9. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მსესხებლის ვირტუალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
4.1.10. მსესხებელი აცნობიერებს, რომ ინვესტორის მიერ პორტალზე გამოქვეყნებული სესხის დაფინანსების სურვილის გაცხადება არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას და არ წარმოუშობას მას რაიმე მოთხოვნას კომპანიის, ინვესტორის ან სხვა პირის მიმართ.
4.1.11. კომპანიას სესხის ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს გამოქვეყნებული მოთხოვნა სესხზე ხელშეკრულების 7.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.1.12. სესხის გაცემა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პორტალის მეშვეობით, მსესხებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვით. პორტალი არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება თანხის გაცემისა და დაბრუნებისა. ყველა სხვა სახის ურთიერთობა ჩაითვლება არალეგიტიმურად.
4.2. ინვესტორი
4.2.1. მოთხოვნა სესხის დაფინანსების შესახებ განთავსდება ვებგვერდზე.
4.2.2. განაცხადში მიეთითება ინფორმაცია მსესხებლის შესახებ, სარეიტინგო კატეგორია, სესხის თანხის, საპროცენტო სარგებლის ოდენობა, სესხის ვადა, მიზნობრიობა და სესხის დაფარვის გრაფიკი. დამატებითი ინფორმაცია ინვესტორისთვის მიუწვდომელია.
4.2.3. კომპანია ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი, რომელმაც მისთვის მინიჭებული ინდივიდუალური სახელით გააკეთა განაცხადი, რეალურია.
4.2.4. სესხი შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე ინვესტორის მიერ მხოლოდ 50-ის ჯერადი თანხით, ხოლო ინვესტორი უფლებამოსილია განაცხადოს სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების სურვილი.
4.2.5. თუ სესხის დაფინანსების სურვილი განაცხადა რამოდენიმე ინვესტორმა, ბოლო ინვესტორს შეუძლია დააფინანსოს მხოლოდ სესხის დარჩენილი, დაუფინანსებელი ნაწილი.
4.2.6. მინიმალური ოდენობა, რომლითაც ინვესტორს შეუძლია დააფინანსოს ერთი სესხი, არის 50 ლარი, გარდა ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.2.7. სესხის დაფინანსების სურვილის გაცხადებისას ინვესტორის ვირტუალურ ანგარიშზე არსებული ნაშთი უნდა შეესაბამებოდეს, ხოლო თუ არ შეესაბამება – შეივსოს 3.2.6. პუნქტში მითითებულ ოდენობამდე.
4.2.8. ინვესტორის მიერ სესხის დაფინანსების სურვილის გაცხადებისთანავე ხდება მის ვირტუალურ ანგარიშზე განთავსებული შესაბამისი თანხის დარეზერვება და ინვესტორი მოკლებულია შესაძლებლობას განკარგოს ის.
4.2.9. სესხი გაიცემა, თუ ინვესტორი/ინვესტორები განაცხადებენ სურვილს მის სრულად
დაფინანსებაზე.
4.2.10. დაფინანსების სურვილი ინვესტორის მიერ გაცხადებულ უნდა იქნეს სესხის მოთხოვნის შესახებ განაცხადის ვებგვერდზე განთავსებიდან 9 დღის ვადაში. თუ მითითებულ ვადაში ინვესტორი/ინვესტორები განაცხადებენ მისი არანაკლებ 70%–ის დაფინანსების სურვილს, ვადა გრძელდება 9 დღით. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ განაცხადი სესხის მოთხოვნის შესახებ უქმდება და ინვესტორის ვირტუალურ ანგარიშზე არსებული სესხის დასაფინანსებლად დარეზერვებული თანხის განკარგვის შეზღუდვა უქმდება.
4.2.11. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მსესხებლის ვირტუალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
4.2.12. კომპანიას სესხის ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულების 7.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს გამოქვეყნებული მოთხოვნა სესხზე, რისთვისაც მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
4.2.13. ინვესტორი აცნობიერებს, რომ პორტალზე გამოქვეყნებული სესხის დაფინანსების სურვილის გაცხადება არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას და არ წარმოუშობას მას რაიმე მოთხოვნას კომპანიის, მსესხებლის ან სხვა ინვესტორის მიმართ.
4.2.14. სესხის გაცემა და დაბრუნება ხდება მხოლოდ პორტალის მეშვეობით. პორტალი არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება თანხის გაცემისა და დაბრუნებისა. ყველა სხვა სახის ურთიერთობა ჩაითვლება არალეგიტიმურად.
5.სესხის დაბრუნება
5.1. მსესხებელი მიღებულ სესხს საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად აბრუნებს კომპანიის მიერ შედგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
5.2. სესხის დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ პორტალზე არსებული ვირტუალურ ანგარიშის მეშვეობით. სხვაგვარად განხორციელებული გადახდა ვალდებულების შესრულებად არ ჩაითვლება.
5.3. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათის მონაცემების გამოყენებით, საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით/გადარიცხვით ან სწრაფი გადახდის აპარატით.
5.4. მსესხებელი თანახმაა და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას, სესხის გადახდის ვადის დადგომისას გადასახდელი თანხა უაქცეპტო წესით ჩამოწეროს მსესხებლის ვირტუალური ანგარიშიდან.
5.5. მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილებისას კომპანია უგზავნის მას შეტყობინებას ვალდებულების დარღვევისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთში, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
5.6. მსესხებელი თანხმობას აცხადებს, რომ თუ გადახდის ვადას გადააცილებს 30 დღით, მას დაუკავშირდება შესაბამისი ანაზღაურების (დავალიანებული თანხის 30%) სანაცვლოდ, პრობლემური აქტივების მართვის კომპანია, კერძოდ, შეხვდება პირადად, დაურეკავს, გაუგზავნის შეტყობინებას ტელეფონის, ფოსტისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5.7. მსესხებელი უფლებამოსილია ვადამდე სრულად დაფაროს სესხი. ასეთ შემთხვევაში მას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება გადახდილი თანხის 2%.
5.8. თუ მსესხებელი სრულად არ დაფარავს დავალიანებას სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, დავალიანებულ თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება მის სრულად დაფარვამდე.
5.9. მსესხებლის მიერ გრაფიკით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.5 %
ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
5.10 ინვესტორ(ებ)ი (სოლიდარული კრედიტორები) და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით თანხმობას აცხადებენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ერთდროულად ყველა ინვესტორის (სოლიდარული კრედიტორების) ან დამოუკიდებლად რომელიმე ერთ-ერთი ინვესტორის მოთხოვნით (სოლიდარული კრედიტორი) მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი (დარჩენილი) ვალდებულების შესრულება და/ან მიმართოს სასამართლოს დავალიანების გადახდევინების მიზნით.
5.11 თუ სესხის დაფინანსების შემდგომ დადგინდება, რომ მსესხებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს კომპანიის შეხედულებით, კომპანია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ნებისმიერ ინვესტორთან შეთანხმებით, მსესხებელს მოსთხოვოს სესხის დაუყოვნებლივ დაფარვა ან დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვოს მსესხებლის მიერ დავალიანების სრულად დაფარვა, მიუხედავად იმისა დარღვეული აქვს თუ არა მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადახდის გრაფიკი.
6. საკომისიო
6.1. მსესხებელი
6.1.1. მსესხებლისთვის კომპანიის მომსახურების საკომისიო შეადგენს სესხის თანხის 5%–ს.
გრძელვადიან სესხებზე, 18-ზე აღმატებულ ყოველ 6 თვეზე მსესხებლისგან აიღება
დამატებითი საკომისიო - სესხის თანხის 1% (ანუ 5%-ს დამატებული 1%), რომელიც ეჭრება სესხის თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად დაფინანსდება და გაიცემა.
6.1.2. მსესხებლისათვის ინვესტორების მიერ დაფინანსებული სესხის თანხის გადარიცხვისას მას ჩამოეჭრება კომპანიის საკომისიო და მსესხებელი მიიღებს დარჩენილ თანხას.
6.2. ინვესტორი
6.2.1. კომპანიის მომსახურების საკომისიო შეადგენს ინვესტორის მიერ მისაღები თანხის წლიურ 1%–ს.
6.2.2. მსესხებლის მიერ ინვესტორის სასარგებლოდ განხორციელებული ყოველთვიური გადახდების თანხას ჩამოეჭრება საკომისიო (თანხის წლიური 1% გადანაწილებული თვეებზე) კომპანიის სასარგებლოდ.
7. მომხმარებლის პროფილის გაუქმება
7.1. კომპანიას შეუძლია გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, თუ:
7.1.1 ცნობილი გახდა, რომ რეგისტრაციისას მომხმარებელმა კომპანიას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
7.1.2 ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლის პროფილის მეშვეობით სესხის დაფინანსება მოხდა სხვა პირისთვის;
7.1.3 მომხმარებელი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან/და ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
7.1.4 ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობა ხორციელდება ტერორისტული, ფულის გათეთრების ან სხვა კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
7.1.5 ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლის საქმიანობა დაკავშირებულია ტერორიზმთან, ფულის გათეთრებასთან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან;
7.1.6 მომხმარებლის ქმედებები არ შეესაბამება ამ ხელშეკრულების მიზნებს.
7.2. კომპანიის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მსესხებლის პროფილის
გაუქმებისას, თუ მსესხებლისათვის სესხი გაცემულია, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს სესხის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.
7.3. კომპანიის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორის პროფილის გაუქმებისას, თუ ინვესტორის მიერ სესხი დაფინანსებულია, მას დაუბრუნდება გასესხებული თანხა დარიცხული საპროცენტო განაკვეთით.
7.4. კომპანია უფლებამოსილია 7.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მსესხებლის მიერ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაუყოვნებლივ დაბრუნება და ამასთანავე არ გააუქმოს მსესხებლის პროფილი.
7.5. კომპანიის მიერ ინვესტორისათვის პროფილის გამოყენების შეჩერების პერიოდში, ინვესტორი ვეღარ ისარგებლებს ახალი სესხის დაფინანსების შესაძლებლობით, ხოლო ამ დროისათვის არსებული ხელშეკრულება ძალაში დარჩება ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას მის მიერ მიწოდებულ მონაცემებში ცვლილებების, ასევე ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობაში უკვე არსებული ან მოსალოდნელი არსებითი ცვლილებების, და იმ გარემოებათა შესახებ,რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები.
8.2. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს სრული და ზუსტი ინფორმაცია.
8.3. კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის ვალდებულია არ გასცეს ეს ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
8.4. მომხმარებელი თანახმაა და აძლევს კომპანიას უფლებას მიიღოს მისი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სს „კრედიტინფო საქართველოსაგან“, კერძოდ: კლიენტი კომპანიას ანიჭებს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს
„კრედიტინფო საქართველოს“ (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“, რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს, უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით.
კომპანიას უფლება აქვს კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, xxxxxxxx მიერ სესხთან/ფინანსურ
ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.“ მომხმარებელი ასევე თანახმაა და აძლევს კომპანიას უფლებას მიიღოს მისი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოსაგან, ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საბანკო დაწესებულებებისაგან, მათ შორის იმ ბანკისაგან, სადაც მომხმარებელს გახსნილი აქვს ანგარიში, და დაამუშავოს მიღებული ინფორმაცია, კერძოდ:
9. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები
9.1. კომპანია არ არის მომხმარებლის (მსესხებლისა და/ან ინვესტორის) წარმომადგენელი.
9.2. კომპანია რეკომენდაციას არ უწევს არცერთ მომხმარებელს.
9.3. კომპანია მხოლოდ და მხოლოდ ამუშავებს მომხმარებლების მიერ მიწოდებულ და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და ხელმისაწვდომს ხდის ამ ინფორმაციას ინვესტორისთვის, წინამდებარე პირობების შესაბამისად.
9.4. კომპანია პასუხს არ აგებს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, თუმცა ის შეეცდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი საშუალებით გადაამოწმოს მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, რაც არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.
9.5. კომპანია არ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას და არ იღებს პასუხისმგებლობას სესხის დაფარვაზე.
9.6. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიმართ არსებული, მათ შორის და არა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე.
9.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ზიანი მიადგა მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან ან ვებგვერდზე განთავსებული ბმულის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვისას.
9.8. კომპანია არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებსა და დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას; მომხმარებლის მასალების მოპარვაზე, განადგურებასა და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართავობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზებზე.
9.9. კომპანია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს ვებგვერდზე ან მის ნებისმიერ სერვისზე წვდომა. ამავდროულად კომპანია არაგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მსესხებელს ამგვარი ქმედებით.
9.10. კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის ზიანისათვის, მათ შორის და არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული, საქმიანი რეპუტაციის შელახვით განპირობებული ზიანისათვის, რაც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ვებგვერდითა და პორტალის მომსახურებით სარგებლობით ან სარგებლობის შეუძლებლობით ან მომხმარებლის ნდობით ვებგვერდისა და მომსახურების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი ზიანის დადგომის შესაძლებლობა აშკარა ან სავარაუდო იყო.
9.11. მსესხებელი/ინვესტორი აცნობიერებს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტით, და ეთანხმება მას.
9.12. კომპანია თვეში ერთხელ ახორციელებს ინფორმაციული ბაზის შენახვას.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მსესხებლის მიერ ვებგვერდზე ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებათა სრულ შესრულებამდე.
11. კომუნიკაცია
11.1. მომხმარებლის პლატფორმას შეიძლება დაუკავშირდეს როგორც მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტიდან, ისე ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთიდან შეტყობინების გაგზავნის გზით.
11.2. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია პირადად მიმართოს პორტალს რეგისტრირებულ მისამართზე.
11.3. კომპანიის მიერ მომხმარებლის კომუნიკაცია როგორც წესი ხორციელდება ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთში ან/და მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
11.4. კომპანია უფლებამოსილია შეტყობინება ასევე გააგზავნოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე, სატელეფონო კომუნიკაციის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით.
11.5. აღნიშნული წესით გაგზავნილი შეტყობინება მომხმარებლისთვის გადაცემულად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით, მობილურ ტელეფონზე შემოსული წერილების ყუთში მიღებით, სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელებით, ან მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნით.
12. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა
12.1. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი უფლება-მოვალეობები მსესხებლის/ინვესტორის მიმართ გადასცეს მესამე პირებს.
12.2. მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირებს მხოლოდ კომპანიის წინასწარი თანხმობით.
12.3 ინვესტორის უფლებები:
12.3.1 სესხში ნებისმიერი წილის მქონე ინვესტორი უფლებამოსილია საკუთარი წილი სესხში და/ან უფლება სესხიდან მისაღები თანხების მოთხოვნაზე მთლიანად გადასცეს სხვა ინვესტორებს გაყიდვის, დაგირავების ან სხვა ფორმით.
12.3.2 სესხში 90% და მეტი წილის მქონე ინვესტორი უფლებამოსილია იძულებით შეიძინოს სესხში დანარჩენ წილი ამ დანარჩენი წილის მფლობელ ინვესტორთათვის სესხის წილში ძირითადი თანხის პროპორციული თანხის და მასზე წილის შეძენის მომენტში დარიცხული პროცენტის გადახდის პირობით.
12.3.3 სესხში 100% წილის მქონე ინვესტორი უფლებამოსილია უფლება სესხიდან მისაღები თანხების მოთხოვნაზე მთლიანად გადასცეს პლატფორმაზე დაურეგისტრირებელ
საქართველოს რეზიდენტ პირებს გაყიდვის, დაგირავების ან სხვა ფორმით.
13. დავა და მისი გადაწყვეტის წესი
13.1. კომპანია უფლებამოსილია, თუმცა არ არის ვალდებული, გააკონტროლოს ან გაატაროს ნებისმიერი მის მიერ საჭიროდ მიჩნეული ღონისძიება, მასსა და მომხმარებელს, ან მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად.
13.2. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან) წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
14. ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში
14.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში.
14.2. ვებგვერდზე განთავსებულია ხელშეკრულება მოქმედი რედაქციით. ყოველი სესხის დაფინანსებისას მოქმედებს ხელშეკრულების ამ მომენტისათვის მოქმედი რედაქცია.
14.3. ხელშეკრულებისა და მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდებული ინფორმაცია და ვებ გვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე სახის გაუგებრობის ან დამდგარი შედეგისათვის.
14.4. ხელშეკრულების ახალი რედაქციის ვებგვერდზე გამოქვეყნებისა და მისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მსესხებელი/ინვესტორი გაეცნო და ეთანხმება ცვლილებებსა და დამატებებს.