Contract
ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები (ინდივიდუალური)
მუხლი 1. საერთო პირობები
1.1.მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას (შემდგომში “ხელშეკრულება”) “მზღვეველსა” და “დამზღვევს” შორის. დაზღვევის საფუძველს წარმოადგენს დამზღვევის მიერ ხელმოწერილი ავტომანქანის დაზღვევის განაცხადში და/ან მზღვეველის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. მზღვეველი - სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” (ს/კ405206566), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას;
2.2. დამზღვევი - პირი, რომელმაც დადო ხელშეკრულება „მზღვეველთან“, იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას და რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
2.3. მოსარგებლე - პირი, რომელიც ამ ხელშეკრულების თანახმად, იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას და მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
2.4. უფლებამოსილი მძღოლი - სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის უფლების მქონე პირი, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.5. დასაზღვევი ობიექტი - სადაზღვევო პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტი;
2.6. სადაზღვევო პოლისი (შემდგომში „პოლისი“) - მზღვეველის მიერ გაცემული ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთი. პოლისი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2.7. სადაზღვევო პერიოდი - დაზღვევის მოქმედების ვადა, რომელიც მითითებულია პოლისში (დაწყების და დასრულების თარიღების ჩათვლით);
2.8. პროპორციული დაზღვევა - დაზღვევა, როდესაც მზღვეველი ანაზღაურებს ზიანის ნაწილს იმ პროპორციით, რა პროპორციაც არსებობდა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის სადაზღვევო თანხასა და პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის საბაზრო (სადაზღვევო) ღირებულებას შორის;
2.9. ფრანშიზა - სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს, ასევე, 21 წლამდე უფლებამოსილი მძღოლის ბრალით მომხდარ შემთხვევაზე განისაზღვრება ფრანშიზა (მიუხედავად იმისა, აღნიშნულზე მითითება არის თუ არა პოლისში) ნებისმიერი ზარალის 50% მინიმუმ 50$ (ნებისმიერი ასაკის ავტომობილზე). ყოველგვარი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით, უფლებამოსილი მძღოლის 21 წლის ასაკს მიღწევისთანავე მოქმედებს ნულოვანი ფრანშიზა (თუ დაზღვევის პოლისით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) ;
2.10. სადაზღვევო თანხა - სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური სიდიდე - მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი;
2.11. სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, ქონება ან მომსახურება, რომელიც მზღვეველისაგან ეკუთვნის დამზღვევს/მოსარგებლეს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე;
2.12. სადაზღვევო პრემია (შემდგომში „პრემია“) - თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დამზღვევმა მზღვეველს ავტოტრანსპორტის დაზღვევის საფასურად - დაზღვევის ღირებულება;
2.13. სადაზღვევო ტარიფი - სადაზღვევო პრემიის სიდიდე გამოხატული პროცენტულად სადაზღვევო თანხიდან;
2.14. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა - საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზიანდა ავტოტრანსპორტი, ტვირთი ან ნაგებობა, დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი (აღნიშნული არ გულისხმობს გზის საფარის დაზიანებიდან გამომდინარე შემთხვევებს);
2.15. სადაზღვევო შემთხვევა -მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;
2.16. სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. სადაზღვევო რისკები განისაზღვრება შესაბამისი პოლისით;
2.17. სრული ზარალი/განადგურება - სრულ ზარალად ითვლება შემთხვევა, როდესაც ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მისი საბაზრო ღირებულების 70%-ზე მეტს ან ავტომანქანა გატაცებულია და მისი პოვნა ვერ მოხერხდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
2.18. დაზღვევის არეალი - პოლისში მითითებული ტერიტორიული ფარგლები, სადაც ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედება.
2.19. აქსესუარი - ავტომობილის ნაწილი/დეტალი, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება ავტომობილის გამართულ მუშაობას, მათ შორის - აუდიო და ტელე-ვიდეოაპარატურა, გართობის სხვა საშუალებები, ტელეფონები, რაციები და კომუნიკაციის სხვა სისტემები;
2.20. ცალკეული დეტალები - კანტები, მოლდინგები და პლასტმასის სხვა დეტალები, დისკები და მისი საფარები, შუშის საწმენდები, ემბლემები, ანტენები, ყველა სახის დეკორატიული დეტალები;
2.21. სავალი ნაწილები - ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის მხოლოდ ავტომობილის ვიზუალურად გარე ხილვადი ნაწილები, კერძოდ, ე.წ. ბამპერი და კარნიზი.
2.22. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ქმედებები;
2.23. მესამე პირი - პირი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების სუბიექტს და არ იმყოფება პოლისში მითითებულ ავტოტრანსპორტში.
2.24. მესამე პირის წინაშე დამზღვევის პასუხისმგებლობა - პოლისითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი, რომელიც მიადგა უფლებამოსილი მძღოლის მიერ პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და/ან ქონებას.
2.25. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მძღოლისა და მგზავრებისათვის მიყენებული ზიანი.
2.26 საგნების დაცემა - მყარი საგნის ზემოდან დაცემა (აღნიშული არ მოიცავს საღებავსა და სხვა მსგავს ნივთებს, ასევე სავალი გზიდან ასხლეტილ ქვას / კენჭებს და ა.შ.).
2.27. ფორს-მაჟორი - ბუნებრივი ხდომილებანი ან პოლიტიკური, სამხედრო, სამართლებრივი, შრომითი, სოციალური ან სხვა შესაბამისი გარემოება, რომლის თავიდან აცილება ან გადალახვა მხარე(ებ)ს არ შეუძლიათ და რომელიც მხარე(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორს–მაჟორული გარემოებების გამო ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მხარეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ერთმანეთს ამის შესახებ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს–მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
2.28. ევაკუატორის მომსახურება - დაზღვეული ავტომობილის მზღვეველის მიერ გადაადგილების/გადაყვანის უზრუნველყოფა უახლოეს ადმინისტრაციულ ცენტრამდე/სერვის ცენტრამდე. ევაკუატორის მომსახურება გამოიყენება მხოლოდ: თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან რუსთავიდან და ზუგდიდიდან 25 კმ-ის არეალში.
მუხლი 3. სადაზღვევო რისკები, დაზღვევის არეალი, პრემია, სადაზღვევო პერიოდი და დაზღვევის გაუქმება.
3.1. სადაზღვევო რისკები:
3.1.1. ავტომობილის ძარის დაზღვევა
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (მიუხედავად ბრალეული მხარისა, თუ არ არსებობს საგამონაკლისო შემთხვევით გათვალისწინებული პირობა);
ბ) ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა; გ) ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;
დ) სხვადასხვა საგნების დაცემით;
ე) სტიქიური მოვლენა - წყალდიდობა, დიდთოვლობა, ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, მეწყერი, ღვარცოფი, სეტყვა, მიწისძვრა.
ვ) მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
ზ) წინამდებარე რისკებით გამოწვეული სატრანსპორტო საშუალებების ან/და მისი ნაწილ(ებ)ის, აქსესუარების დაზიანება ან განადგურება;
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-3 პირის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე ზიანის დადგომა;
3.1.3. უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლის და/ან მგზავრის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე ზიანის დადგომა.
შენიშვნა: დამზღვევის მიერ შეძენილი სადაზღვევო რისკები, დაზღვევის არეალი, სადაზღვევო თანხები, პრემია (წლიური სადაზღვევო ტარიფი, პრემიის ოდენობა, გადახდის წესი), ფრანშიზა და სადაზღვევო პერიოდი მითითებულია მზღვეველის მიერ დამზღვევზე გაცემულ შესაბამის პოლისში (სერტიფიკატში).
3.2. დაზღვევის არეალი განსაზღვრულია მზღვეველის მიერ დამზღვევზე გაცემული სადაზღვევო პოლისით (სერტიფიკატით);
3.3. სადაზღვევო პრემია:
3.3.1. პრემიის გადახდა ხორციელდება პოლისში (სერტიფიკატში) მითითებული გრაფიკის მიხედვით.
3.3.2. პირველი ან ერთჯერადი პრემიის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
3.3.3. პრემიის განვადებით გადახდისას, თუ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა წლიური პრემიის სრულ გადახდამდე, ხოლო ზარალის (ერთჯერადად ან ჯამურად) ოდენობა აღემატება სადაზღვევო თანხის 50%-ს, სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოიქვითება წლიური პრემიის გადაუხდელი ნაწილი.
3.3.4. პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურებისას გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებას აკლდება ის თანხა, რომელიც დამზღვევს განვადების პირობების დარჩენილ პერიოდში აქვს გადასახდელი, ამ პუნქტის საფუძველზე ჩათვლილი თანხები ჩაითვლება გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობაში;
3.3.5. პოლისში მითითებულ ვადაში (პოლისით გათვალისწინებული გრაფიკით) და ოდენობით პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, ამგვარი დარღვევიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს გადასახდელი პრემია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ მზღვეველი თავისუფლდება დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მოვალეობისაგან დამზღვევისათვის ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
3.3.6. პრემიის მიმდინარე დავალიანების გადახდის შემდგომ, დაზღვევა განახლდება გადახდის დღის 24 (ოცდაოთხი) საათზე.
3.3.7. ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული 14 (თოთხმეტი) დღის გასვლის შემდგომ, მზღვეველს შეუძლია SMS- ს შეტყობინების გზით გააფრთხილოს დამზღვევი მის მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რომ 30 დღის ვადის გასვლის შემდგომ მზღვეველი, შეწყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას და მოსთხოვოს დამზღვევს პრემიის დავალიანების გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით.
3.3.8. ამასთან, სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმებამდე დავალიანების გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება მისი მოქმედების ვადით, თუმცა დავალიანების პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
3.3.9. დამზღვევის მხრიდან მისივე ინიციატივით დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის მომენტში, მიუხედავად უზარალო პერიოდისა, თუ დამზღვევს წარმოშობილი აქვს შესაბამისი პოლისით განსაზღვრული პრემიის გამომუშავებული ნაწილის გადახდის ვალდებულება, მაშინ დამზღვევმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება (დავალიანების დაფარვა) ხელშეკრულების შეწყვეტამდე და ასევე გადაიხადოს ჯარიმის სახით ერთი თვის სადაზრვევო პრემიის ოდენობა.
3.3.10. დაზღვევის ვადაზე ადრე შეწყვეტისას, თუ შეწყვეტამდე ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო შემთხვევას:
ა) უკან დასაბრუნებელი პრემიის არსებობის შემთხვევაში, დამზღვევს დაუბრუნდება ჯამური პრემიიდან გაუქმების თარიღისთვის გამოუმუშავებელი ნაწილი ერთი თვის სადაზღვევო პრემიის გამოკლებით;
ბ) დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევს მოთხოვოს დავალიანების დაფარვასთან დამატებით ერთი თვის სადაზღვევო პრემიის გადახდა. ამასთან, გაუქმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში დამზღვევს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად არსებული დავალიანების 0,27%-ის ოდენობით, არაუმეტეს ჯამური სადაზღვევო პრემიისა.
გ) ამ დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, დამზღვევის მიერ მზღვეველთან სხვა ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, შეწყვეტილ პოლისთან მიმართებით მასზე არ გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციები.
3.3.11. დაზღვევის ვადაზე ადრე შეწყვეტისას თუ შეწყვეტამდე ადგილი ქონდა სადაზღვევო შემთხვევას და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად, მზღვეველის მხრიდან გაცემულია დამზღვევზე / მოსარგებლეზე სადაზღვევო ანაზღაურება (ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში მზღვეველის მიერ დამზღვევზე გაცემულია შესაბამისი ბენეფიტი, მათ შორის საწვავი, ევაკუატორის მომსახურება ავტო ასისტანსი ან სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
), მაშინ დამზღვევი ვალდებულია დაფაროს შესაბამისი პოლისით განსაზღვრული წლიური პრემია სრულად და ასევე გადაიხადოს ჯარიმის სახით ერთი თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობა, ხოლო თუ შესაბამისი პოლისით განსაზღვრული პრემია, დამზღვევის მხრიდან მისივე ინიციატივით დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის მომენტში, უკვე სრულად დაფარულია, მაშინ მას (დამზღვევს), მზღვეველის მხრიდან გამოუმუშავებელი პრემიის ოდენობა უკან არ დაუბრუნდება. ყოველგვარი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით განვმარტავთ, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის, პრემიის სრულად გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მზღეველის მიერ პოლისის ფარგლებში გაცემულია ანაზღაურება (შესაბამისი ბენეფიტი
- საწვავი, ევაკუატორის მომსახურება, ავტო ასისტანსი ან სხვა) იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზეზით მოხდა ხელშეკრულების/პოლისის გაუქმება. ამასთან, გაუქმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში სადაზღვევო პრემიის (მისი დარჩენილი ნაწილის) სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში დამზღვევს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად არსებული დავალიანების 0,27%-ის ოდენობით, არაუმეტეს ჯამური სადაზღვევო პრემიისა.
3.3.12. დამზღვევი ვალდებულია, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე ერთი თვით ადრე წარუდგინოს წერილობითი განცხადება მზღვეველს.
3.3.13. დაზღვევა იწყება პოლისში აღნიშნული დაზღვევის ვადის პირველი დღის 24 საათიდან და სრულდება პოლისში აღნიშნული დაზღვევის ვადის ბოლო დღის 24 საათზე.
მუხლი 4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია:
4.1.1. როგორც პოლისის მიღებამდე, ისე მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შეატყობინოს მზღვეველს უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის;
4.1.2. უზრუნველყოს მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და დასურათება (რაც ჩაიწერება სადაზღვევო განაცხადში). დათვალიერებისა და დასურათების დასრულებამდე სადაზღვევო პოლისი (მიუხედავად პრემიის გადახდისა) არ შედის ძალაში და მზღვევლი თავისუფალია თავისი ვალდებულებებისგან;
4.1.3. აცნობოს მზღვეველს:
ა) ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის, შენახვის პირობებისა და გამოყენების მიზნების შეცვლის შესახებ არაუგვიანეს 24
საათისა;
ბ) დაზღვევის განაცხადში ან საიდენტიფიკაციო მონაცემებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია მზღვეველისათვის შეუტყობინებელი გარემოებების შედეგად;
4.1.4. დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ დატოვოს ავტოტრანსპორტში. ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის შედეგად ზიანის დადგომისას დამზღვევმა უნდა წარმოადგინოს განაცხადში მითითებული
ყველა გასაღები (გამონაკლისს წარმოადგენს გასაღების შეცვლა ან დაკარგვა, რაზეც დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს წერილობით), დაზღვევის ობიექტის ორიგინალი სარეგისტრაციო მოწმობა და სიგნალიზაციის მართვის ყველა პულტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი;
4.1.5. გააცნოს უფლებამოსილ მძღოლებს წინამდებარე დაზღვევის პირობები;
4.1.6. შემთხვევის დადგომისას: - დაუყოვნებლივ განაცხადოს შემთხვევის ფაქტზე კომპეტენტურ ორგანოებში (შსს, საპატრულო პოლიცია, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სხვა) და ასევე დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე 032 2 244 111 (ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით - შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 24 საათისა), ხოლო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 დღისა წარუდგინოს მზღვეველს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით. დამზღვევის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სატელეფონო შეტყობინება ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. ამასთანავე, მზღვეველთან სატელეფონო შეტყობინების დაგვიანების ობიექტური მიზეზ(ებ)ი უნდა იყოს მითითებული წერილობით განაცხადში.
- მზღვეველთან შეთანხმებით, შეინარჩუნოს დაზიანებული/განადგურებული ავტოტრანსპორტის ადგილმდგომარეობა მზღვეველის მიერ მის დათვალიერებამდე და ფოტოგადაღებებამდე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მითითიების საფუძველზე), ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
4.1.7. თუ დამზღვევი (მისი წარმომადგენელი), ზიანის დადგომის შესახებ განაცხადის შევსებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში არ წარმოადგენს საქმის წარმართვისათვის აუცილებელ და ხელშეკრულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, მზღვეველი იტოვებს უფლებას მიღებული შეტყობინება/განაცხადი ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ ხორციელდება გამოძიება და დამზღვევის მხრიდან შეუძლებელია ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვა;
4.1.8. დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს მესამე პირისაგან პრეტენზიის მიღების შესახებ; არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე;
4.1.9. წინამდებარე ხელშეკრულებითა და პოლისით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, მზღვეველს წარუდგინოს მისგან მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია; დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე ვალდებულია შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოპოვებისათვის გასცეს შესაბამისი უფლებამოსილება მზღვეველზე და ამ მიზნით გადასცეს მზღვეველს სათანადო დოკუმენტაცია და უფლებამოსილება;
4.1.10. თუ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ გატაცებული (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) ავტოტრანსპორტი ნაპოვნი იქნება, დამზღვევი ვალდებულია, გადასცეს იგი მზღვეველის საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან დაუბრუნოს მზღვეველს მიღებული სადაზღვევო ანაზღაურება. დამზღვევის მიერ მზღვეველზე ავტოტრანსპორტი გადაიცემა ან მიღებული სადაზღვევო ანაზღაურება დაუბრუნდება ავტოტრანსპორტის პოვნისა და მისი დამზღვევისათვის დაბრუნებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ავტოტრანსპორტის მზღვეველზე გადაფორმების ხარჯებს იღებს დამზღვევი;
4.1.11. არ დაიწყოს ავტოტრანსპორტის შეკეთება მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ანაზრაურების ვალდებულებისაგან.
4.1.12. სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შემდეგ, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს მზღვეველს საკუთრებაში სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯზე შეცვლილი დეტალი, ქონება და განადგურებული ავტოტრანსპორტი;
4.1.13. წინამდებარე პირობების ხელმოწერის ან/და მოქმედების პერიოდში მზღვეველს 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) დაზღვევის ობიექტისათვის საფრთხის გაზრდის ან/და მასთან მიახლოებული გარემოებების შესახებ; ამ შემთხვევაში მზღვეველს აქვს უფლება მოითხოვოს პოლისის მოქმედების შეწყვეტა ან/და დამზღვევის მიერ დამატებითი სადაზღვევო პრემიის გადახდა. დამატებით გადახდაზე დამზღვევის მიერ უარის თქმა მზღვეველს უფლებას აძლევს, შეწყვიტოს სადაზღვევო ხელშეკრულება სადაზღვევო პრემიის დაბრუნების გარეშე რისკის გაზრდისთანავე;
ბ) ნებისმიერი არსებითი გარემოების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას თავის ვალდებულებებზე ან/და მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გაზრდა ან დამატებითი პირობების დაწესება;
გ) ორმაგი დაზღვევის შესახებ;
დ) დაზღვევის ობიექტის გასხვისების ან/და მფლობელის შეცვლის შესახებ;
ე) სადაზღვევო ინტერესის შეწყვეტის შესახებ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების მიზნის შეცვლის შესახებ; ვ) საკონტაქტო ინფორმაციის ან/და საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის უფლებამოსილი პირის შეცვლის შესახებ;
ზ) შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოდან მიღებული ნებისმიერ ინფორმაცია (გზავნილი, უწყება და სხვა);
4.1.14. განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია, რომელთა ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს მზღვეველის მხრიდან ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე:
ა) სადაზღვევო პოლისის ასლი;
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი; საგზაო შემთხვევისას ცნობა საპატრულო პოლიციიდან (ცნობა საპატრულო პოლიციიდან მზღვეველის მხრიდან არ მოითხოვება სტიქიური მოვლენებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის დროს და ავტომობილის საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში), კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
დ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო (ტექპასპორტის) მოწმობის ასლი; ორიგინალი კი – ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, ასევე, სრული განადგურების შემთხვევაში;
ე) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე;
ზ) კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა აუცილებელი საბუთი;
თ) თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, მზღვეველს უნდა წარმოუდგინოს ინფორმაცია ასეთი მესამე პირის შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ი) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.
4.2. დამზღვევი/მოსარგებლე უფლებამოსილია:
4.2.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულებით/პოლისით დადგენილი წესით;
4.2.2. ჩაატაროს საკუთარი ხარჯებით ექსპერტიზის ჩატარება;
4.3. მზღვეველი ვალდებულია:
4.3.1. ხელშეკრულების გაცნობისა/ხელმოწერის და პრემიის გადახდის შემდეგ გასცეს შესაბამისი პოლისი; პოლისის დაკარგვისას გასცეს პოლისის დუბლიკატი ან პოლისის დამოწმებული ქსეროასლი;
4.3.2. მიიღოს და განიხილოს განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ;
4.3.3. სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში, ხელშეკრულების/პოლისის შესაბამისად განსაზღვროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, შეადგინოს სადაზღვევო შემთხვევის აქტი ან გასცეს წერილობითი მოტივირებული უარი ზარალის ანაზღაურებაზე ;
4.3.4. გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულებით დადგენილი წესით (თუ ხელშეკრულების პირობების გარდა მხარეების მიერ დამატებითი შეთანხმებით სხვა ვადები არ არის გათვალისწინებული);
4.3.5. მზღვეველის პროვაიდერ სერვის-ცენტრების მეშვეობით, დაზიანებული ავტოტრანსპორტის წარდგენის შემდეგ, უზრუნველყოს ზარალის ოდენობის კალკულაცია და დეფექტური აქტის შედგენა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე.
4.3.6. უზრუნველყოს დაზღვეული ავტოტრანსპორტის არასადაზღვევო შემთხვევისას ევაკუატორით მომსახურება სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ. დაზღვეულ ავტოტრანსპორტზე ვრცელდება ევაკუატორის მომსახურება მხოლოდ მზღვეველის მიერ შეფასებული შესაბამისი მომსახურების ობიექტური საფუძვლების არსებობისას.
4.4. მზღვეველი უფლებამოსილია:
4.4.1. გაგზავნოს შესაბამისი შეკითხვები/განცხადებები, დოკუმენტაციის მიღების მიზნით, კომპეტენტურ ორგანოებში;
4.4.2. დაათვალიეროს ავტოტრანსპორტი;
4.4.3. საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ექსპერტიზა;
4.4.4. ქონების (მათ შორის ავტოტრანსპორტის) დაზიანების გამო ანაზღაურების გაცემისას, დამზღვევისაგან მოითხოვოს და მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯზე შეცვლილი ნაწილების, ხოლო განადგურებული/გატაცებული ავტოტრანსპორტისათვის ანაზღაურების გაცემისას – თავად განადგურებული/ნაპოვნი ავტოტრანსპორტის გადაცემა მზღვეველის საკუთრებაში;
4.4.5. დამზღვევის თანხმობით, მისი სახელით თავის თავზე აიღოს მისი უფლებების დაცვა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში და ამ მიზნით მიიღოს სათანადო დოკუმენტაცია და უფლებამოსილება;
4.4.6. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, თუ ავტოტრანსპორტის ქურდობას/ყაჩაღობას/ძარცვას ადგილი ჰქონდა ამავე ავტოტრანსპორტის გასაღებით (გარდა გასაღების დაკარგვის შემთხვევისა, რაზეც დამზღვევმა შემთხვევის დადგომამდე მზღვეველს წინასწარ აცნობა);
4.4.7. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერი ვალდებულებათა შეუსრულებისას ან თუ ზარალი გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის/დამზღვევის ან მათი წარმომადგენლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, ასევე დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის
მიერ დაზღვეული ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, თუ ავტომობილი პარკირებული იყო დაუდევრობით ან/და უხეში გაუფრთხილებლობით - პარკირების წეს/ებ/ის დარღვევით.
4.4.8. პოლისით/სერტიფიკატით შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მხარეთა განსხვავებული ან/და დამატებითი უფლება- მოვალეობებიც;
4.4.9. მიანიჭოს დამზღვევს შეღავათები ან/და გაათავისუფლოს იგი ვალდებულებისაგან, თუნდაც ამას არ ითვალისწინებდეს ან უგულვებელყოფდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
4.4.10. ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადის დაცვით და/ან წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება/გააუქმოს პოლისი და არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურებაც, მათ შორის თუ, შეიცვალა ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის პირობები ან განაცხადში მითითებული აღნიშნული მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს; ამასთან მზღვეველი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება და გააუქმოს სადაზღვევო პოლისის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევის, უფლებამოსილი მძღოლის ან მოსარგებლის მხრიდან ადგილი აქვს სადაზღვევო შემთხვევის გაყალბების მცდელობას, მზღვეველისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას ან დაზღეული ავტომობილის კომერციული მიზნით გამოყენებას. ყოველგვარი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით, მზღვეველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მზღვეველის მიერ წინამდებარე პუნქტის გამოყენების შემთხვევაში უპირობოდ მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.10 და 3.3.11 პუნქტები.
4.4.11. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აქტის ორმხრივად ხელმოწერამდე;
მუხლი 5. ზიანის ოდენობის განსაზღვრა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
5.1. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მას შემდეგ, რაც მოხდება:
1) სადაზღვევო შემთხვევის ფაქტისა და ზიანის ოდენობის დადგენა;
2) ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა;
3) სადაზღვევო შემთხვევის აქტის შედგენა და მხარეთა მიერ მისი ხელმოწერა.
5.2. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ხელშეკრულებით ან/და პოლისით
გათვალისწინებული სადაზღვევო რისკებით გამოწვეული, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, ზიანის ოდენობა ანგარიშდება ფრანშიზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე პრემიის გამოკლებით;
5.3. ზიანის ოდენობა ანგარიშდება, მზღვეველის მიერ მითითებული პროვაიდერ სერვის-ცენტრის მიერ შედგენილი კალკულაციის/დეფექტური აქტის საფუძველზე;
5.4 სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველის მიერ გაიცემა მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ ფულადი ფორმით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის შესაბამისად. მოსარგებლის წერილობითი მითითების შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება შესაძლებელია გაიცეს სხვა პირის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
5.5. საერთო სადაზღვევო ანაზღაურება ერთ ან რამდენიმე სადაზღვევო შემთხვევაზე, რომლებიც დაზღვევის ობიექტის მიმართ დადგა, დაზღვევის მოქმედების პერიოდში, არ აღემატება მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ლიმიტს (სადაზღვევო თანხას);
5.6. ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის ან სხვა სადაზღვევო რისკებით გამოწვეული ავტოტრანპორტის სრულად განადგურებისას სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო თანხის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს სადაზღვევო შემთხვევის დროს ავტოტრანპორტის საბაზრო ღირებულებისა. გარდა ამისა, სადაზღვევო ანაზღაურებას აკლდება პოლისით გათვალისწინებული ფრანშიზის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წლიური პრემიის დარჩენილი ნაწილი და ავტოტრანსპორტის რეალიზაციისათვის ვარგისი ნარჩენების ღირებულება, თუ ეს ნარჩენები არ გადაეცა მზღვეველს შესაბამისი აქტის საფუძველზე. განადგურებული ავტოტრანსპორტის
მზღვეველზე გადაცემა უნდა მოხდეს დამზღვევის მიერ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში აღრიცხვიდან მოხსნის/გადაფორმების გზით. აღრიცხვიდან მოხსნის/გადაფორმების ხარჯები იფარება დამზღვევის მიერ;
5.7. ავტოტრანსპორტის განადგურებად ითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება, შეადგენს მისი საბაზრო ღირებულების 70 ან მეტ პროცენტს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი პოლისით. აღნიშნული პროცენტული განსაზღვრება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მხარეთა შეთანხმებით;
5.8. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია ანუ ხდება არასრული დაზღვევა, სადაზღვევო ანაზღაურების გამოანგარიშებისას გამოიყენება პროპორციულობის მეთოდი, რაც გულისხმობს, რომ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდება ისეთივე პროპორციით, როგორსაც შეადგენს სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, ე.ი. მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების პროპორციულად, პროპორციული დაზღვევის პრინციპის შესაბამისად; ამასთან, ფრანშიზა გამოიქვითება პროპორციულობის მეთოდის გამოყენების შემდეგ. სადაზღვევო თანხა მცირდება ყოველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შემდეგ, ანაზრაურებული თანხის ოდენობით.
5.9. თუ დამზღვევის მიერ ერთი და იმავე ინტერესი იდენტური რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ზარალის ანაზღაურება მოხდება პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ჯამურ (ყველა პოლისის) სადაზღვევო თანხასთან შეფარდების პროპორციულად;
5.10. დამზღვევის/მოსარგებლის დავალების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ავტომობილი იმყოფება გარანტიაზე და ანაზღაურება ხორციელდება შესაბამის ავტორიზებულ სერვის-ცენტრში, სადაზღვევო ანაზღაურების გადარიცხვა განხორციელდება სერვის-ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
5.11. ზიანის ოდენობა არ ითვალისწინებს (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული):
ა) ავტოტრანსპორტის საგარანტიო შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ღირებულებას; ბ) ავტოტრანსპორტის რეკონსტრუქციასთან, გადაწყობასთან, ან ცალკეული ნაწილების გამოცვლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს (დამატებით აღჭურვა); გ) ტექნიკურ წუნს; დ) ფრანშიზის ოდენობას;
5.12. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ ავტოტრანსპორტი უნდა წარედგინოს მზღვეველს დასათვალიერებლად ან დამზღევმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს შეკეთებული ავტომობილის ფოტოსურათები, რაზედაც დამზღვევი წინასწარ ერთი სამუშაო დღით ადრე მაინც აცნობებს მზღვეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომში, ანალოგიური დაზიანება ზიანის ანგარიშში არ გაითვალისწინება. ხოლო თუ დაზღვეული არ გამოცხადდება დათვალიერების პროცედურაზე, პრეტენზია ანაზაურების გაცემაზე უარის თაობაზე არ მიიღება. ამასთან იმ შემთხვევაში თუ მზღვეველისათვის წარდგენილი ფოტოსურათები ბუნდოვანია ან არ ჩანს დაზიანებული/შეკეთებული ნაწილი, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ფოტოსურათების ხელახლა გაგზავნა. მზღვეველისგან საბოლოო დასტურის მიღებამდე ანალოგიური დაზიანება ზიანის ანგარიშში არ გაითვალისწინება.
5.13. მზღვეველი უფლებამოსილია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ანაზრაურების ფორმასთან დაკავშირებით: ა) აანაზღაუროს განადგურებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება 5.7 პუნქტის შესაბამისად, თუ
ბ) მოსარგებლის სასარგებლოდ თავად შეიძინოს პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში (ფრანშიზის გათვალისწინებით) დაზღვეული ავტომობილის ანალოგიური მარკის, მოდელის და მახასიათებლის მქონე ავტომობილი.
5.14. ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურდება ავტომობილის შეკეთების ღირებულება ფრანშიზის გამოკლებით, სადაზღვევო თანხის ფარგლებში;
5.15. მზღვეველს უფლება აქვს, სადაზღვევო შემთხვევისას ავტომობილის დაზიანებული ნაწილების ღირებულება აანაზღაუროს მათი მეორადი ორიგინალი ან ახალი არაორიგინალი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულებით. ამასთან მზღეველის მიერ შეთავაზებულ იქნება მეორადი ორიგინალი ნაწილის ღირებულება იმ პირობით, რომ საქართველოს ბაზარზე შესაძლებელია აღნიშნული ნაწილის შოვნა ობიექტური საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
5.16. თუ დაზღვეული ავტომობილის ასაკი არ აღემატება 5 (ხუთ) წელს და მასზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი, შეკეთების ღირებულების განსაზღვრისას მზღვეველი დაეყრდნობა ლიცენზირებული შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრის შეფასებას და სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
5.17თუ დაზღვეულ ავტომობილზე არ ვრცელდება საგარანტიო პერიოდი, ხოლო გაცემული პოლისის პირობები ითვალისწინებს ლიცენზირებული შემკეთებელი ავტოსერვის ცენტრის მომსახურებით სარგებლობას, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს საბაზრო ფასზე (მზღვეველის მიერ შეთავაზებული სერვის ცენტრის მიერ დადგენილ ფასზე) 20%-ით მეტი სხვაობა.
5.18. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზარალის ოდენობაზე, ზარალის შეფასება უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების მიერ. ასეთი ექსპერტიზის ხარჯებს მხარეთა შორის გადანაწილდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორი მხარე გაიღებს ჩასატარებელ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
ბ) თუ ექსპერტიზის დანიშვნა ხდება ორივე მხარის ინიციატივით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარებასტან დაკავშირებული ყველა ხარჯი თანაბრად გადანაწილდება მხარეთა შორის.
5.19. ზარალის რეგულირების დროს ანაზღაურება განხორციელდება მწარმოებლის მიერ სერიულად დაყენებული ავტო- სათადარიგო დეტალების საბაზრო ღირებულებით.
მუხლი 6. გამონაკლისი შემთხვევები
მზღვეველი არ ანაზღაურებს შემდეგ ზარალს:
6.1. თუ უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოტრანსპორტს ალკოჰოლური თრობის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან იმ პრეპარატების ზემოქმედებისას რაც უკუჩვენებაშია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად იმისა უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობა დადასტურდება თუ არა; ასევე შემთხვევის შედეგად დამდგარ ზარალს, რაც გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის ჩაძინებით; სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით;
6.2. თუ დაზღვეულ ავტოტრანსპორტს შემთხვევის დადგომის დროს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი;
6.3. დამზღვევი/მოსარგებლე ან უფლებამოსილი მძღოლი მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებებს აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე; ან როდესაც დამზღვევი ან მოსარგებლე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე; ან შემთხვევა, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის არეალის ფარგლებს გარეთ;
6.4. თუ ავტოტრანსპორტი გამოიყენებოდა პოლისში და/ან განაცხადში მითითებულისგან განსხვავებული დანიშნულებით;
6.5. თუ დაზღვეული ავტოტრანსპორტი გადატვირთულია, მგზავრთა რაოდენობა აღემატება დასაშვებს ან ავტოტრანსპორტი გამოიყენება შეუსაბამო საგზაო პირობებში (გზის საფარის გარეშე არსებულ ადგილებში და/ან ადგილებში, რომელიც განკუთვნილი არ არის ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის);
6.6. თუ დაზღვეული ავტოტრანსპორტი გატაცებულია მასში დატოვებული ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით და/ან გასაღებით და/ან ღია კარებით/ფანჯრებით, შუშების ჩაწეულ მდგომარეობაში დატოვებით, გასაღების ნებისმიერი არაუფლებამოსილი მძღოლისთვის გადაცემით ან გამოწვეულია მესამე პირის მიერ დაზღვეული ავტოტრანსპორტის ხელში ჩაგდებით მძღოლის ხელშეწყობით;
6.7. თუ ავტოტრანსპორტი დაზიანდა მისი ტვირთის სახით გადატანისას, მათ შორის ლაფეტით გადაზიდვას ან ბუქსირით გადაადგილებას (არ იგულისხმება მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტომობილის გადაადგილების დროს დამდგარი ზარალი);
6.8. საბურავების/დისკის დაზიანება, თუ ამის მიზეზი არ არის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
6.9. ავტომობილის გადასაფარებელი ტენტის დაზიანება;
6.10. თუ დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლი გადაადგილდება საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით; თუ გადაკვეთს ან გადავა ე.წ. ბასლაინზე; ან თუ სიჩქარის გადაჭარბება შეადგენს დაშვებულზე არანაკლებ 15 კმ/სთ-ით მეტს, ან თუ შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლის მსგავსი მოქმედება განპირობებულია მესამე მხარის სიცოხლისა და ქონების გადარჩენის აუცილებლობით ან თუ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობა განპირობებულია საავარიო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, რაც დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
6.11 თუ დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლი არ დაემორჩილება გზის დათმობის ვალდებულების აღმნიშვნელ ნიშანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუმორჩილებლობა განპირობებულია მესამე მხარის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის აუცილებლობით, საავარიო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, რაც დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
6.12 თუ დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლი დაარღვევს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ გასწრების წესებს კერძოდ: თუ გასწრება ხორციელდება მარჯვენა მხრიდან; იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას; თუ გასწრება ხორციელდება გზაჯვარედინზე; თუ გასწრება ხორციელდება უწყვეტი ზოლის გადაკვეთით; თუ გასწრება ხორციელდება რკინიგზის გასავლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს
6.13. გამოწვეულს ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ნივთიერების ან საგნების ავტოტრანსპორტით გადაზიდვისას; გამოწვეულს საომარი მოქმედებებით, სამოქალაქო ომით, ომით, სამოქალაქო მღელვარებით და ტერორიზმით.
6.14. სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ ან დაზღვეული ავტომობილი იმყოფებოდა მართვისათვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში; შემთხვევას გამოწვეულს დაზღვეული ავტოტრანსპორტის კონსტრუქციული დეფექტებით;
6.15. ავტოტრანსპორტის დაზღვევამდე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული სამუშაოებით ან ავტოტრანსპორტის დაზღვევამდე არსებული დაზიანებები;
6.16. გამოწვეულს ცვეთა (მათ შორის საქარე მინის ან/და სხვა აქსესუარებისა თუ ცალკეული დეტალების), კოროზია, ჟანგვა, მექანიკური, პროგრამული ან ელექტროობის გაუმართაობით; საწვავი სისტემის გაჟონვით; სილიციუმით გამოწვეული ზარალი (მინერალური სილიკონის დიოქსიდი, სილიციუმის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, საქონელი, ბოჭკოები, მტვერი, გაზები, სუნი და ა.შ.); ნებისმიერი ზარალი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გამოწვეული აზბესტით ან აზბესტის შემცველობით ან აზბესტის ნებისმიერი ფორმით ან რაოდენობით შემცველი ნებისმიერი მასალით.
6.17. დამზღვევის ან მოსარგებლის ან უფლებამოსილი მძღოლის მიერ დარღვეულია დაზღვევის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, გარდა იმ შემთხევისა, როცა მზღვეველი სხვაგვარად არ გადაწყვეტს;
6.18. შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის/მოსარგებლის/მძღოლის თვითმკვლელობის/თვითდასახიჩრების ან ამის მცდელობისას;
6.19. ფორს-მაჟორული გარემოებისას (თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
6.20. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად და დროულად არ იყო გადახდილი პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პოლისით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული პირველადი ან ერთჯერადი შენატანი;
6.21. დაზღვეული ავტოტრანსპორტი იძებნება და/ან ავტოტრანსპორტის მახასიათებლები არ ემთხვევა მისი VIN კოდის შესაბამის მახასიათებლებს;
6.22. თუ სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია კომერციული-სამეწარმეო საქმიანობისათვის ან/და მგზავრთა ფასიანი გადაყვანისათვის (მათ შორის და არამხოლოდ: სამგზავრო ავტობუსი, კომერციული დამგზავრება, ავტომობილის გაქირავება) ან/და ტაქსით მომსახურეობისათვის (თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
6.23. დამზღვევი ან მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი მესამე პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდა დამზღვევის ან მოსარგებლის ქმედებით;
6.24. დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული ავტომობილის დაზიანებები (მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ავტომობილის ვიზუალურად ხილვადი გარე სავალი ნაწილები, კერძოდ, ე.წ ბამპერი და კარნიზი);
6.25. დაზიანებები, ასევე არ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია ავტოტრანსპორტის რბოლებში მონაწილეობის ან გამოსაცდელად გამოყენებისათვის (მაგალითად OFF ROAD) მიზნით.
6.26. თუ მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტს ადგილიდან დაძრავენ (გარდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიერ გაცემული მითითებების არსებობის შემთხვევისა);
6.27. დაზღვეული ავტომობილის მესაკუთრის ან მძღოლისათვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა სახის ჯარიმას და ასევე საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯებს.
6.28. თუ არსებობდა ორმაგი დაზღვევა, მაგრამ დამზღვევს ამის შესახებ მზღვეველისათვის ინფორმაცია წერილობითი ფორმით არ წარუდგენია;
6.29 თუ ზარალი გამოწვეულია შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დაზღვეული ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ან განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მზღვეველისათვის წარმოდგნილი იქნება უფლებამოსილი პირების ბრალეულობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
6.30. დამზღვევის მიერ დაზღვევის შეძენამდე მზღვეველისათვის მიწოდებული არსებითი ინფორმაცია არასწორი/არაზუსტი აღმოჩნდება; ან თუ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით დამზღვევის, მოსარგებლის, უფლებამოსილი მძღოლის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.31. თუ ზარალი გამოწვეულია ისეთი ქმედებით, რომლის დროსაც მზღვეველს საქართველოს კანონმდებლობა ან წინამდებარე ხელშეკრულება ანიჭებს უფლებას უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე.
6.32 ავტომობილიდან კატალიზატორის ქურდობა.
6.33 დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის მიერ დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებულ დაზიანებას, თუ ავტომობილი პარკირებული იყო დაუდევრობით ან/და უხეში გაუფრთხილებლობით - პარკირების წეს/ებ/ის დარღვევით. ასევე იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი/დაზღვეული/უფლებამოსილი მძღოლი არ მოითხოვს შესაბამისი ორგანოების მხრიდან საგამოძიებო მოქმედებ/ებ/ის დაწყებას.
6.34 გაყალბება: თუ დამზღვევი ან მოსარგებლე რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება, რომ გააყალბოს სადაზღვევო შემთხვევა (ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი), მზღვეველს უფლება აქვს არ აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი. ეს პირობა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევებზეც, როდესაც დამზღვევი შეგნებულად ზრდის ზარალის თანხას ან აწვდის მზღვეველს ყალბ ინფორმაციას.
6.35 წინასწარ შეცნობილი, დამზღვევის მიერ გაცნობიერებული რისკის შედეგად დამდგარი ზარალი (წინასწარ შეცნობილ / გაცნობიერებულ რისკად ჩაითვლება შემთხვევა, მათ შორის, როდესაც მზღვეველის მიერ ანაზღაურებულია იდენტური შემთხვევისა და გარემოებ/ებ/ის შედეგად დამდგარი ზარალი). ყოველი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის დაუშვებელია მოაზრებულ იქნას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და მისგან დამდგარი ზარალი.
6.36 მზღვეველი არ ანაზღაურებს ზარალს იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება/გამოიყენებოდა სანქცირებული პროდუქციის გადასაზიდად.
6.37 მზღვეველი არ ანაზღაურებს ზარალს იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი / მოსარგებლე / უფლებამოსილი მძღოლი ვერ/არ ასახელებს არსებული დაზიანებ/ებ/ის განმაპირობებელ კონკრეტულ მიზეზს, შემთხვევის დროსა და ადგილს.
მუხლი 7. დაზღვევა არ ვრცელდება შემდეგზე:
7.1. დამზღვევის არაპირდაპირ ზიანზე (მიუღებელი შემოსავალი, მორალურ ზიანი), რომელიც სადაზღვევო შემთხვევის შედეგია;
7.2. ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომრის გატაცებაზე;
7.3. ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული ნაწილების, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება მოკლე ჩართვის შედეგად (გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ არის გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით);
7.4. კალკულაციით გათვალისწინებულ დამატებით ხარჯებზე, ან დაზღვეული ავტოტრანსპორტის ისეთ მოწყობილობებზე, რომლებიც აღარ არის ხმარებაში ან/და მისი შეძენა შეუძლებელია.
7.5 სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დაზღვეულ ავტომობილებზე;
7.6 შეიარაღებული ძალების ნებისმიერი სახის მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები სპეციალურად შექმნილი ან/და ადაპტირებული სამხედრო გამოყენებისათვის;
7.7 სატრანსპორტო საშაშუალებები, რომლებიც დაკავშირებულია სამართალდამცავ ან სხვა ოპერატიულ სამუშაო ჯგუფთან;
7.8 სასწრაფო დახმარების სატრანსპორტო საშუალებები;
7.9 ნებისმიერი სახის დაზიანება გარეგანი ეფექტის გარეშე;
7.10 რელსებზე ან/და კაბელებზე მოძრავი მანქანები, წყლის ხომალდები, თვითმფრინავები, ჰოვერკრაფტები ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ არის შექმნილი სახმელეთო გზაზე გადასაადგილებლად;
7.11 კონტრაქტორის დანადგარები და აღჭურვილობა, რომელიც არ არის ლიცენზირებული საგზაო გამოყენებისათვის / საჯარო ავტობანზე/გზატკეცილზე / მუდმივად არის დამაგრებული საგზაო გამოყენების მანქანაზე;
7.12 დანაკარგი ან დაზიანება ან პასუხისმგებლობა საქონლის მიმართ, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება დაზღვეული ავტომობილის გამოყენებით;
7.13 მანქანები აეროპორტის შენობაში / აეროდრომებზე, გარდა იმ ადგილებისა, სადაც დაშვებულია თავისუფალი გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებ/ებ/ით;
7.14 რბოლა (მათ შორის ე.წ. ტესტრანი), რალი, სიჩქარის ან/და გამძლეობის ტესტი;
7.15 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ფლობა, ექსპლუატაცია, მოვლა ან გამოყენება შემდეგი დანიშნულებით:
- ფეთქებადსაშიში ნოვთიერებების ტრანსპორტირება, როგორიცაა ნიტროგლიცერინი, დინამიტი ან სხვა ნებისმიერი მსგავსი ასაფეთქებელი ნივთიერება;
- თხევადი ნავთობის ან საწვავის ტრანსპორტირება;
- ქიმიური ნივთიერებების ან აირების ტრანსპორტირება თხევადი, შეკუმშული ან საწვავის ფორმით;
7.16 ნებისმიერი სახის დაბინძურება;
7.17 ბირთვული რისკები;
7.18 ტერორიზმი და მის შედეგად დამდგარი რისკები;
7.19 ომი ან/და სამოქალაქო დაპირისპირება;
7.20 წმინდა ფინანსური ზარალი;
7.21 არამატერიალური ზარალი;
7.22 საჯარიმო ავტოსადგომები, სამშენებლო მოედნები და ავტომობილების შესანახი სივრცეები. ამასთან მხარეები ვთანხმდებით, რომ საქმიანი ეზოს, დაცული სადგომებისა და სერვისცენტრის/სახელოსნოს ტერიტორიაზე დამდგარი ზარალის შემთხვევაში, დაზღვეული / უფლებამოსილი მძღოლი ვალდებულია დაზიანებისას გამოიძახოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და დააფიქსიროს შემთხვევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოისლია არ აანაზღაუროს ზარალი.
7.23 დაზღვევა არ ვრცელდება და შესაბამისად არ ანაზღაურდება სატრანსპორტო საშუალების ე.წ. „დაპრინტვის“ ხარჯები (თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
7.24 XL დაზღვევა;
7.25 მწვანე ბარათი, ბიზნეს და ავტომობილის მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა;
7.26 მორალური საფრთხეები;
7.27 სავალდებულო და ფაკულტატური გადაზღვევა;
7.28 იმ სატარანსპორტო საშუალებების პრემია, რომელზეც მოხდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხელშეკრულების შესაბამისად სრულად უნდა იქნას გადახდილი;
7.29 ავტობუსები (რეგულარული სახაზო), ტაქსი, მგზავრობის გაზიარება და მანქანის გაზიარება, მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი საფასურის, ან/და ჯილდოს სანაცვლოდ, ავტომობილის დაქირავება.
მუხლი 8. სხვა პირობები:
8.1. სადაზღვევო ანაზღაურება ხორციელდება ფულადი ფორმით. ავტოტრანსპორტის სრული განადგურების, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს დაზღვეული ავტოტრანსპორტის ჩანაცვლება ანალოგიური მოდელის, წლოვანების და ტექნიკური მდგომარეობის ავტოტრანსპორტით.
8.2. ავტოტრანსპორტის სრული განადგურების, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის შემთხვევაში გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებას აკლდება პოლისით გათვალისწინებული წლიური პრემიის დარჩენილი ნაწილი, რომელიც დამზღვევს აქვს გადასახდელი მზღვეველისათვის, ფრანშიზა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების შემდეგ, მზღვეველი საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე პირობების თანახმად იძენს საკუთრების უფლებას (დამზღვევის სანებართვო პირობების გათვალისწინებით) განადგურებულ ან გატაცებულ ავტოტრანსპორტზე;
8.3. ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის ან განადგურების რისკებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების სრულად გაცემის შემდეგ პოლისი/პირობები, შესაბამის ავტოტრანპორტთან მიმართებაში წყდება;
8.4. ავტოტრანსპორტის ნაწილობრივ დაზიანებისას მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის აქტის შედგენის თარიღისათვის პრემიის დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვალოს/დააკლოს გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებაში;
8.5.ზარალის ანაზღაურების შემდგომ, მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი (მათ შორის მესამე პირების წინაშე) მცირდება ანაზღაურებული ზარალის ოდენობის შესაბამისად. ამასთანავე, დამზღვევმა შეიძლება კვლავ გაზარდოს სადაზღვევო თანხა პირველად ოდენობამდე მზღვეველისათვის დამატებითი პრემიის გადახდის საფუძველზე.
8.6. თუ ავტომობილი დაიკარგა ქურდობის/ძარცვის/ყაცაღობის შედეგად და მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი შსს-ს მიერ გაცემული ცნობის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში დაზღვეულ ავტომობილს იპოვნიან, დამზღვევს არ შეუძლია უარი განაცხადოს მასზე. თუ ამ დროისათვის მზღვეველმა ზარალი აანაზღაურა, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, დაუბრუნოს მზღვეველს ანაზრაურებული თანხა. დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება მზღვეველის მიერ, ნაპოვნი ავტომობილის ნარჩენი ღირებულების გათვალისწინებით.
8.7. თუ დაზღვეულ ავტომობილს იპოვიან მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი შსს-ს მიერ გაცემული ცნობის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, საკუთრების უფლება აღნიშნულ ავტომობილზე გადადის მზღვეველზე.
8.9. არ ანაზრაურდება ავტომობილის შეკეთების ხარჯები საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მზღვეველი სხვაგავარად არ გადაწყვეტს.
8.10. არ ანაზღაურდება ავტომობილის შეკეთების შედეგად მისი საბაზღო ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზარალი.
8.11. ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება არ ანაზღაურდება, თუ დამზღვევი ან უფლებამოსილი მძღოლი აღნიშნულის შეტყობისთანავე, დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდება მზღვეველს ან თუ ავტომობილი სადაზღვევეო შემთხვევის ადგილიდან გადაადგილეს მზღვეველის ნებართვის გარეშე. ამასთან, ისეთ დაზიანებებთან მიმართებით, რაც წარმოადგენს აშკარად ხილულს, რისი შემჩნევაც ობიექტურად შესაძლებელია მარტივი დათვალიერების გზით (უნდა ენახა), დაზღვეულმა მზღვეველთან უნდა განაცხადოს შემთხვევის ადგილიდან. შემთხვევის ადგილი უნდა შეესაბამებოდეს დაზიანებას და უნდა შეიცავდეს მის დამადასტურებელ ცხად ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
8.12. დამზღვევს შეუძლია ისარგებლოს ზარალის საპატრულო ოქმის წარმოდგენის ვალდებულების გარეშე დარეგულირების მომსახურებით იმ შემთხვევაში, თუ :
ა) სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მხოლოდ დაზღვეული ავტომობილის წინა საქარე მინა და მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მესამე პირის ქმედებით;
ბ) სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით.
8.13. 500 ლარამდე დამზღვევის მიზეზით დამდგარი შემთხვევისას,რომელშიც არ მონაწილეობს მესამე პირი, ზარალი შეიძლება დარეგულირდეს (მზღვეველის შეხედულებისამებრ) პატრულის გამოძახების გარეშე.
8.14. ავტომობილი რომლის სადაზღვევო თანხა შეადგენს ან აჭარბებს 5000$, დამზღვევის მიზეზით 1000 ლარამდე დამდგარ შემთხვევას, რომელშიც არ მონაწილეობს მესამე პირი, ზარალი შეიძლება დარეგულირდეს (მზღვეველის შეხედულებისამებრ) პატრულის გამოძახების გარეშე. გარდა დაუდგენელი მიზეზით მომხდარ შემთხვევებზე.
მუხლი 9. სუბროგაციის უფლება
9.1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
9.2. დამზღვევი (მოსარგებლე) ვალდებულია ხელი შეუწყოს და გადასცეს მზღვეველს ყველა მასთან არსებული დოკუმენტი და ხელი არ შეუშალოს მზღვეველს 9.1. პუნტით განსაზღვრული უფლების რეალიზებაში.
მუხლი 10. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
10.1. მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის გამო დამზღვევის პასუხისმგებლობის ან უბედური შემთხვევის დადგომისათვის სადაზღვევო ანაზღაურება ანგარიშდება პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში, რომლის გადახდაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრება უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის / გამოყენების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული
ზიანისათვის გარდა დამზღვევის (უფლებამოსილი მძღოლის) წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ან/და მის მიერ სარჩელის ცნობისა.
10.2. ანაზღაურდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას, თუ მისი ოდენობა და გარემოებები მზრვეველთგან წერილობით იქნება წინასწარ შეთანხმებული და თუ დაზარალებული წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევსათან დაკავშირებით. ანაზრაურდება მზღვეველთან წერილობით შეთანხმებულ სასამართლო თუ სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დადგენის ხარჯებს სადაზღვევო თანხის 20%-ის ფარგლებში; ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზარალებული პირების სიცოცხლის ან/და ქონების გადასარჩენად, ან ზიანის შესამცირებლად გაწეულ მიზანშეწონილ, გონივრულ ხარჯებს.
10.3. ანაზღაურდება აგრეთვე დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის/გამოყენების შედეგად წარმოშობილი სხვა პირების პასუხისმგებლობა, კერძოდ დაზღვეული ავტოტრანსპორტის მგზავრი უშუალოდ მგზავრობის ან ავტომობილში ჩაჯდომა- გადმოსვლის დროს; მესამე პირის დაღუპვის შემთხვევაში, ამ პუნქტში გათვალისწინებული დაზღვევა გავრცელდება დაღუპული პირის მემკვიდრეზე;
10.5. მესამე პირის გარდაცვალების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში -მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა ანაზღაურდება:
ა) დოკუმენტალურად დადასტურებული ხელფასი (შემოსავალი), რომელიც დაზარალებულმა დაკარგა შრომისუუნარობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის გამო, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევამდე 1 (ერთი) წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა.
ბ) დოკუმენტალურად დადასტურებული ხელფასის (შემოსავალის), რომელსაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში დაკარგავენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც დაზარალებულის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ან უფლება ჰქონდათ, მიეღოთ
მისგან სარჩო (რეგულარული გადახდის სახით), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევამდე 1 (ერთი) წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა.
გ) დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის მკურნალობის, მედიკამენტების, პროტეზირების, ზედამხედველობისა და მოვლის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის, პროფესიული გადამზადების ხარჯები, თუ დადგენილია, რომ დაზარალებულს ესაჭიროება აღნიშნული ტიპის დახმარება და არ აქვს მათი უფასოდ მიღების უფლება;
10.6 წინამდებარე მუხლის ფარგლებში მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლში მოცემული გამონაკლისი შემთხვევები.
მუხლი 11. მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან
11.1. რა არის დაზღვეული? მატერიალური ზიანი, რომელიც გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლის და/ან მისი მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით/გარდაცვალებით.
11.2. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევით დაზღვეულად მიიჩნევა დაზღვეული ავტოტრანსპორტის ნებისმიერი მგზავრი, მძღოლის ჩათვლით; პოლისში მითითებული ანაზღაურების ჯამური ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება ხარჯები, დაკავშირებული მგზავრების ან/და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებასთან ან/და გარდაცვალებასთან, რაც გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილით მგზავრობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით და გამოვლინდება სადაზღვევო შემთხვევიდან არა უგვიანეს ერთი თვის განმავლობაში;
11.3. ანაზღაურებას არ ექვემდებარე თუ მძღოლი ან/და მგზავრები გარდაიცვალნენ ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;
11.4. წინამდებარე მუხლის ფარგლებში მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლში მოცემული გამონაკლისი შემთხვევები.
მუხლი 12. დავების გადაწყვეტა
12.1. დაზღვევის ხელშეკრულების გარშემო წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა ურთერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. მიმოწერა
13.1. წინამდებარე ხელშეკრულებით/პოლისით გათვალისწინებული, ასევე წინამდებარე პირობებიდან/პოლისიდან გამომდინარე ურთიერთობებში მზღვეველის შეტყობინებები უნდა ჩაბარდეს დამზღვევს პირადად, ან სატელეფონო შეტყობინებებით ან გაიგზავნოს საფოსტო გზავნილით, ელექტრონული ფოსტით, პოლისში/დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე (ადგილსამყოფელი, E-mail), ტელეფონზე და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად ელექტრონული ფოსტის სერვერიდან მიღებული დასტურის (ადრესატის ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების) გაცემის დღეს; სატელეფონო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის დღეს.
13.2. დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მზღვეველს პოლისში/დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებში (ადგილსამყოფელი, ტელეფონი, E-mail) ცვლილებების შესახებ. ამასთან აუცილებელია, ახალი რეკვიზიტების სრული და ზუსტი მითითება. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში, დამზღვევი ვერ მიუთითებს შეტყობინების მიუღებლობის მიზეზად მისამართების, ტელეფონის შეცვლის ფაქტზე და მას შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა შედეგით.
13.3 მხარეები ვთანხმდებით, რომ კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
მუხლი 14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის ვადით, მაგრამ არანაკლებ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე (გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლები).
14.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება ავტომატურად 14.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადით თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) თვით ადრე არ შეატყობინა მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების შეწყვეტას უტოლდება ასევე მხარეთა შეუთანხმებლობა ხელშეკრულების პირობებზე, თუ პირობის ცვლილება შეტყობინებული იყო მეორე მხარისათვის 1 (ერთი) თვიანი ვადის დაცვით. ხელშეკრულების პირობების ცვლილება ასევე ითვალისწინებს სადაზღვევო პრემიის გაზრდას ან/და ფრანშიზის შემოღებას.
14.3. ხელშეკრულების ავტომატურად ვადის გაგრძელებისას მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი დაზღვევისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
14.4. ხელშეკრულების ავტომატურად ვადის გაგრძელებისას მზღვეველი უზრუნველყოფს შესაბამისი ახალი ნუმერაციის პოლისის გაცემას. მოცემულ შემთხვევაში დამზღვევი იხდის მხოლოდ პირველი თვის პრემიას და ნარჩენ პერიოდზე პრემიის გადახდა ხორციელდება პოლისით დადგენილი წესით.
15. დასკვნითი დებულებები
15.1. მხარეთა შეთანხმება არ მოითხოვება ამ პირობებში ცვლილებების/დამატებების შესატანად, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარეობს;
15.2. დამზღვევის ვალდებულებები თანაბრად ვრცელდება დაზღვეულზე და მოსარგებლეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
15.3. მხარეები ვალდებულნი არიან, მეორე მხარესთან წერილობით შეუთანხმებლად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე.
15.4 მხარეები ვთანხმდებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ენაზე (ქართულ და ინგლისურ), რომელთაგან ქართულს ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა.
დამზღვევი:
გავეცანი სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის” ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობებს, რომელიც სიტყვიერადაც, სრულყოფილად განმემარტა მზღვეველის მიერ და გადმომეცა საინფორმაციო ფურცელი - დანართი N1. ვეთანხმები აღნიშნულ პირობებს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
მხარეთა რეკვიზიტები:
დამზღვევი | მზღვეველი |
სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ (ს/კ: 405206566) | |
ხელმომწერი პირი: | ხელმომწერი პირი: |
თარიღი:
202 წ.